ერთკვირიანი კავკასიური ტურნეს კვალდაკვალ, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– მ საქართველოში ვიზიტის დროს ჩაწერა. ეს EBRD-ის მაღალჩინოსნის მეორე ოფიციალური ვიზიტია. პირველი 2019 წელს შედგა და მაშინაც, იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“– ს სტუმარი იყო.
4 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ იურგენ რიგტერინკს ვთხოვეთ, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა შეეფასებინა.
-რა უნდა შეცვალოს საქართველომ ეკონომიკის სტრუქტურაში – რა გაკვეთილები იკვეთება კრიზისების ფონზე?
-ჩემზე არ არის თქვენი მთავრობისთვის იმის მითითება, თუ როგორ უნდა მოიქცეს. როგორც უკვე აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა სწორ გზაზე დგას. ამასთან, საქართველო 20 წლის წინ იყო მოწინავე ქვეყანა რეგიონშიც და მის მიღმაც რეფორმების გატარების თვალსაზრისით – ვფიქრობ, არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ მთავრობა ყურადღებას მოადუნებს, ეს უპირატესობა შეიძლება საქართველომ დაკარგოს და აქ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას დამატებული ღირებულება აქვს, რადგან ევროკავშირისგანაც იქნება წნეხი, რომ გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების ტემპი. ამასთან, რა თქმა უნდა, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა. მომავალ წელს საკვანძო არჩევნები მოდის – ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში ყველა მხარისთვის და საქართველოს ისტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ნდობა ჩვენ გვქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ – როგორც იბიარდი – არ ვართ პოლიტიკური პარტია, მაგრამ თუ შევძლებთ რომ დავეხმაროთ მთავრობას – ამ შემთხვევაში არსებულ მთავრობას – ევროკავშირთან დაახლოების გზაზე – ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ.
-უფრო კონკრეტულად: რა შეუძლია გააკეთოს EBRD-მა?
-რეალურად, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ბოლო 30 წელია.
-თუმცა, ახალი სტრატეგია გაქვთ: არაფერი იცვლება?
-დიახ. ახალი სტრატეგია გვაქვს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენი სტრატეგია ყოველთვის ქვეყნის მთავრობის სტრატეგიის მხარდამჭერია – მთავრობას ეხმარება, გაატაროს საკუთარი სტრატეგია. რა თქმა უნდა, თვალში მოსახვედრია, რომ ბოლო 5–10 წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა.
-რას გულისხმობთ?
-10 წლის წინ რომ EBRD-ში ვყოფილიყავი და თქვენ მედიაში – განახლებად ენერგიებზე ასეთი მკაფიო ფოკუსი არ იქნებოდა. ბოლო რამდენიმე დღის დისკუსიები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და EBRD-ის აქცენტი ამ დისკუსიებში მეტად იქნება ფოკუსირებული მწვანე ეკონომიკაზე. როგორც იცით, EBRD-ის მიზანია, რომ ჯამურად მის პორტფელში არსებული ინვესტიციების ნახევარს უნდა ჰქონდეს მწვანე კუთხე – ეს მიზანი საკუთარ თავს რამდენიმე წლის წინ დავუსახეთ 2025 წლისთვის შესასრულებლად და შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას – მათ შორის, საქართველოშიც.
ქვეყანაში მწვანე პროექტების მზარდი რაოდენობით ჩვენ ქვეყანას ვეხმარებით მისი ეკონომიკის მედეგობის ზრდაში და ამ ნაწილშიც საქართველო კარგ გზაზე დგას. ასევე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც ადრე ვთქვი – ეკონომიკის მედეგობის და დივერსიფიკაციის ნაწილში საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს და კიდევ ერთი, რაც შესაძლოა, ასე ცალკე აღებული არც იყოს ჩვენს სტრატეგიაში, მაგრამ ყველა ეკონომიკის მაგალითზე დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი საფინანსო სექტორი. აქვე მინდა, ვახსენო საქართველოში ორი ძლიერი ბანკი – თიბისი და საქართველოს ბანკი – ორივესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ორივე წარმატების მაგალითია არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ რეგიონის, არამედ უფრო გლობალურ მასშტაბშიც.
ჩვენ დავინახეთ ძლიერი საბანკო სისტემის ღირებულება – განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებებში – ამდენად, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ფართოდ მივწვდეთ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს – ჩვენ შეიძლება ძალიან მსხვილი ვიყოთ ბევრი ასპექტით, მაგრამ ჩვენ სწორედ საქართველოს ბანკებს ვიყენებთ ერთგვარ მექანიზმად, რომ უკეთ დავფაროთ სამიზნე კლიენტები და სექტორები.