მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სიტუაცია ნამდვილად შეცვლილია“ – ერთი აქცენტი ანაკლიის პორტზე ინტერვიუდან EBRD-ის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან იურგენ რიგტერინკთან

იონგერ

საქართველოს, ერთკვირიანი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი ეწვია. ის თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა და უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრა. მასთან ინტერვიუ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–მ ეკონომიკის მინისტრთან აუდიენციის შემდეგ ჩაწერა. დღეს იურგენ რიგტერინკი პრემიერმინისტრს შეხვდა.

ინტერვიუ ბევრ საკითხს შეეხო – მათ შორის, ანაკლიის პროექტის მომავალსაც. EBRD-ის პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა „ანალიტიკა“–სთვის 2019 წელს მიცემული ინტერვიუც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან მის კომერციულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა – განსაკუთრებით იმ ნაწილში, შეეძლო თუ არა ახალ პორტს ფოთის პორტის გვერდით არსებობა.

იურგენ რიგტერინკს მიაჩნია, რომ ხუთი წლის თავზე, მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, ბევრად მეტი ადამიანია დღეს დარწმუნებული, რომ ორივე ამ პროექტის თანაარსებობა შესაძლებელია. როგორც EBRD-ის პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა „ანალიტიკა“–ს უთხრა, მთავრობასთან საუბრობენ იმაზე, თუ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება აღმოუჩინონ ერთ პორტს, ორივეს თუ, ვთქვათ, პორტამდე მისასვლელ ინფრასტრუქტურას, რადგან, იურგენ რიგტერინკის თქმით, თავისთავად პორტის არსებობას აზრი არ აქვს, თუ არ არსებობს კარგი სარკინიგზო სისტემა, ინფრასტრუქტურა, გზები. „ეს ყველაფერი შესაძლებლობებია, რაც დღეს საქართველოს წინაშეა“ – ამბობს EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი.

-თქვენ ჩვენი პირველი ინტერვიუ გაიხსენეთ – 2019 წელს ჩავწერეთ ამავე ოთახში – და აი, რა მითხარით მაშინ: „ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პროექტში, თუკი მოიძებნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტა – დღეს უფრო ცხადია, რა შეიძლება იყოს კომერციულად უფრო სიცოცხლისუნარიანი ანაკლიის პორტის რეალობად ქცევისთვის? ეს იდეა, თუ პოტენციალი რაზეც ვისაუბრეთ შუა კორიდორის კონტექსტში – ეხმარება ამ პროექტის კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას?

-ვფიქრობ, ოთხი წლის შემდეგ, სიტუაცია ნამდვილად შეცვლილია. ის ფაქტი, რომ თქვენს საშინაო დავალებას ძალიან კარგად ასრულებთ, კარგად ჩანს ამ ინტერვიუშიც – და ნამდვილად, ის, რომ მე ეს კომპონენტი დავამატე მაშინ ჩემს პასუხს ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდისთვის პროექტის კომერციულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არსებობდა. დღეს ეს კითხვა ჩემთან არ არის, თქვენს მთავრობასთანაა – მთავრობამ შეიტანა გარკვეული ცვლილებები, საკმაოდ განსხვავებული სტრუქტურა იქნება, პოტენციური ინტერესი არსებობს და მალე ამასთან დაკავშირებით მთავრობა განცხადებასაც გააკეთებს – და დიახ, შუა კორიდორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ყველაფერში.

-ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ. ეს კითხვა თქვენთანაც არის, რადგან მაშინ – 2019 წელს, როცა მაშინდელ პრემიერს შეხვდით, თქვენ მითხარით, რომ პრემიერს უთხარით – თუკი კომერციული ბაზრის დანაკარგის კომპენსირება შეუძლებელი იქნებოდა, EBRD მზად იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის იმპლემენტაციაში ჩართულიყო – ჩემი კითხვა თქვენთან დღეს სწორედ ეს არის – რჩება ასეთი დანაკარგის რისკი, შეიძლება EBRD-ის ჩართულობა ისევ საჭირო გახდეს? დღეს სიტუაცია იმითაც არის შეცვლილი, რომ მკაფიო ინტერესი არსებობს ყაზახი ინვესტორების მხრიდან; განახლდა ინტერესი ჩინელი ინვესტორების მხრიდან – ამ ნაწილში შეგვიძლია გავიხსენოთ ამერიკის მაღალჩინოსნის განცხადება, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს თავი შეეკავებინა ამ პროექტში რუსული და ჩინური ინვესტიციებისგან. ეს ხომ მხოლოდ ეკონომიკური პროექტი არ არის – მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დატვირთვაც აქვს ..

-თუ ძლიერ კერძო კომპანიებს ექნებათ ამ პროექტის ნდობა; თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, რომ ინვესტირება მოახდინონ ამ პროექტში – ჩვენ, EBRD მზად ვართ, ღია ვართ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. ანაკლიის პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ აუცილებლად გაჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დააბანდებს ყველაზე მეტ თანხას, ვინ იქნება მთავარი ინვესტორი – არ არის აუცილებელი ეს EBRD იყოს – მაგრამ თუ ჩვენ შეგვეძლება ამ პროექტში ჩვენი წვლილის შეტანა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ხვალ ვხვდები პრემიერმინისტრს და სხვა ხარისხის დისკუსია შეიძლება წარიმართოს ამ საკითხზე.

-პრემიერთან თქვენს შეხვედრაზე დადგება ანაკლიის პროექტის საკითხი დღის წესრიგში?

-თუ პრემიერი ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები