საქართველოს, ერთკვირიანი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი ეწვია. ის თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა და უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრა.
მასთან ინტერვიუ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–მ ეკონომიკის მინისტრთან აუდიენციის შემდეგ ჩაწერა. დღეს იურგენ რიგტერინკი პრემიერმინისტრს შეხვდა.
„ნება მომეცით, საქართველოს ტაში დავუკრა“ – ასეთი განწყობა გამოჰყვა იურგენ რიგტერინკს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტის თქმით, „ნამდვილად შთამბეჭდავია იმის დანახვა, როგორ ართმევს საქართველო თავს კრიზისს კოვიდის შემდგომ და თუ შეხედავთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სურათი ნამდვილად შთამბეჭდავია“.
რეგიონის და განსაკუთრებით – საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრისას, იურგენ რიგტერინკმა რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი.
გამოწვევების მხარეს, მისი ანალიზით, ყველაზე მწვავედ ორი ომის – რუსეთსა და უკრაინას შორის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – საკითხი დგას. „თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ეს ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი ნამდვილად არ არის“ – აღნიშნა იურგენ რიგტერინკმა „ანალიტიკა“–სთან საუბარში.
შესაძლებლობების მხარეს, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი გამოყოფს შუა კორიდორის პოტენციალს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას. „ერთი შესაძლებლობა, რომელიც იკვეთება როგორც სომხეთში, საიდანაც ჩამოვედი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანშიც, სადაც საქართველოდან მივემგზავრები და განსაკუთრებით – საქართველოში – ეს ამ ქვეყნების და განსაკუთრებით საქართველოს როლია რასაც შუა კორიდორს ვუწოდებთ – ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის გავლით, დასავლეთ ევროპამდე. აქ დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება და ის ამ როლს აუცილებლად შეასრულებს“ – ამბობს იურგენ რიგტერინკი. ამ კონტექსტში, როგორც EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი უყვება, ეკონომიკის მინისტრთან ისაუბრეს პორტებზე, სარკინიგზო სისტემის განვითარებაზე – რიგტერინკს მიაჩნია, რომ „აქ საქართველოსთვის ნამდვილად არის შესაძლებლობები“.
რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ნაწილში გაცილებით მეტი სიცხადე გაჩნდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი – ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ეწვევა, როგორც ეს უკვე არის დაანონსებული. „ეს კვირა და მომდევნო კვირებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. მჯერა, რომ თქვენი მაყურებლების უმრავლესობა მეთანხმება, როცა ვამბობ, რომ თქვენი მომავალი დასავლეთ ევროპაშია, ევროკავშირშია – იცით, მნიშვნელოვანი ვიზიტის შესახებ – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს – იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების, თვეების განმავლობაში, მეტი სიცხადე გვექნება საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირში“ – უთხრა „ანალიტიკა“–ს იურგენ რიგტერინკმა.
„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე – თქვენ თქვით, რომ საქართველოს მთავრობას ტაშს უკრავთ იმისთვის, თუ როგორ მართა საქართველოს ეკონომიკა – გამოდის, ეთანხმებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიას, რომ ფსონი დაედო ეკონომიკაზე და ამ კუთხით სარგებელი ენახა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე? – EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტის პასუხია შემდეგია: „გეოგრაფია ისეთია, როგორიც არის. საქართველოს რუსეთისგან შორს ვერ გადავიტანთ – საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთის მეზობელი. თუ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს კოვიდის შემდეგ და ეკონომიკის მინისტრისგან მოვისმინე ეკონომიკური ზრდის ახალი შთამბეჭდავი მაჩვენებლის შესახებ; ის ფაქტი, რომ ინფლაცია აღარ არის ისეთი მწვავე საკითხი, როგორადაც ის რჩება დასავლეთ ევროპის ეკონომიკებში; მზარდი სავაჭრო ნაკადები, რომლებიც დივერსიფიცირებულია – ტრადიციულად რუსეთი საქართველოს ერთ–ერთი მსხვილი ბაზარია, თუმცა ვაჭრობა ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მნიშვნელოვნად მზარდია – მჯერა, რომ რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს – მეტი გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, მეტი ზრდა დაკავშირებადობის თვალსაზრისით – მათ შორის, დასავლეთ ევროპასთან – მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაახლოების პირობებში, მეტი წინაპირობის შესრულება გახდება საჭირო – აქაც, ვფიქრობ, საქართველომ თავისი ისტორიის მანძილზე დაამტკიცა, რომ შეუძლია ეკონომიკური თუ სხვა რეფორმების სწრაფი ტემპის აყოლა. ამიტომ გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეს ტემპი, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს საქართველოსგან, მხოლოდ დაჩქარდება მომდევნო კვირებსა და თვეებში“.