ევროპაში ზეთისხილის დეფიციტია, - შესაბამის ინფორმაციას The guardian აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატური პირობებია. მათი ინფორმაციით, ბიზნესები იძულებული არიან ზეთისხილი სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანონ. ამასთან, არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მოსავალი 2.4 მილიონი ტონით შემცირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა გასულ წელთან მიმართებით და ის საგრძნობლად ჩამოუვარდება მსოფლიოში გაზრდილ მოთხოვნას.
როგორც კომპანია “ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელი და ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე აცხადებს, საქართველოს მოსავალს წელს საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში მოსავლის ოდენობა დამაკმაყოფილებელი იქნება. მისი თქმით, წელს ფერმერებისგან 200 ტონა ზეთისხილზე მეტი მოცულობის მოსავლის ჩაბარება მოხდება.
“ჩვენ პლანტაციების გაშენება დავიწყეთ 2009-ში. ამის შემდეგ ხეები იზრდება, ბოლო წლებში უფრო მასშტაბურად ვაშენებთ პლანტაციებს, მოსავალი ყოველწლიურად მზარდია. ვფიქრობ, რომ მომავალ წლებში მსხმოიარობა გაიზრდება და უფრო მასშტაბურ მოსავალზე გავალთ. საერთო ჯამში წელს გლეხებისგან და ფერმერებისგან ველოდებით 200 ტონაზე მეტ მოსავალს. ბაღებში არსებული მოსავალი ნორმალურია“,- ამბობს გიორგი სვანიძე.
რაც შეეხება ფასებს, ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ნაწილი ფასების მნიშვნელოვან მატებას აანონსებს. გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება და ადგილობრივ ბაზარზე ფასების შენარჩუნება მოხდება. მისი თქმით, წელს ზეთისხილის ჩასაბარებელი ფასი 1.5-2 ლარი იქნება.
“შარშან მსოფლიო ბაზარზე ზეთის ხილზე ფასი 35%-ით იყო გაზრდილი. წელსაც სავარაუდოდ 30-35%-იანი ზრდა იქნება. ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ზეთის ხილის მოსავალი 5-10 წლის წინანდელთან შედარებით შემცირებული ოდენობებით მოვიდა. გვალვა და არამდგრადი ამინდი ძალიან ხელს უშლის ზეთის ხილის მოსავალს. მე ვფიქრობ, საქართველო და ჩვენი ტერიტორიები სახარბიელო ხდება ზეთის ხილის კულტურის გაშენებისთვის. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ იგივე ფასი საქართველოს ბაზარზე და ზეთის ხილის ფასმა არ მოიმატოს, თუმცა საექსპორტო ფასები სავარაუდოდ მსოფლიო ბაზარზე რა ფასებიც არის ის იქნება. წელს კილოგრამ ზეთისხილს 1.5 ლარად ჩავიბარებთ, გააჩნია ზეთისხილის ხარისხს. შესაძლოა ჩასაბარებელი ფასი 1.8 ლარი იყოს. თუმცა საშუალო ფასი 1.5-2 ლარამდე იქნება“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საქართველოს მისამართი ზეთისხილის ბაღების გაშენებისა და გადამმუშავებელი ქარხნების აშენების მიმართულებით ინვესტორების მხრიდან დაინტერესება დიდია. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ზეთისხილის ბიზნესის წამოწყებაზე 3-4 ქვეყნიდან არის ინტერესი.