მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთისხილის წარმოება საქართველოში - EBRD-ის მიმოხილვა და კონტრიბუცია

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ზეთისხილის წარმოების ხელშეწყობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ინდუსტრიის განვითარებაში EBRD-ისა და EU-ს წვლილია აღნიშნული. სტატიაში განხილულია საქართველოში ზეთისხილის წარმოების წარმატების ფენომენი და პერსპექტივები.

“როდესაც საქართველოზე ვფიქრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, ღვინის წარმოების მდიდარი კულტურაა. თუმცა, შრომისმოყვარე ანტრეპრენერები, როგორიც არის გიორგი სვანიძე, საქართველოში ახალ ბიზნესმიმართულებებს ავითარებენ. 2009 წელს, მიუხედავად განსაზღვრული რისკებისა, სვანიძემ ზეთისხილის პირველი ბაღი გააშენა, რომელიც დღეს 1 500 ჰექტარზეა გადაჭიმული.

საქართველოში ზეთისხილის წარმოებისა და გადამმუშავებელი ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც, ძირითადად, სვანიძის მსგავსი ბიზნესმენების მონდომებითაა განპირობებული. ევროკავშირთან თანამშრომლობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თავისი კონტრიბუცია შეიტანა ინდუსტრიის წარმატებაში, თანამედროვე, ეფექტური სამეურნეო მოწყობილობების დაფინანსებით”, - ნათქვამია სტატიაში.

ზეთისხილის წარმოება - ახალი ფენომენი

“ისტორიული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში ზეთისხილი ძვ.წ. პირველ საუკუნეში ბერძნებმა შეიტანეს, თუმცა, ბოლო დრომდე, საქართველოს ზეთისხილის სექტორი ყურადღების მიღმა რჩებოდა.

“იდეალური კლიმატი, მაღალი ხარისხი და მომხმარებელთა ინტერესი, სახელისუფლებო და საერთაშორისო დონორების დახმარებასთან ერთად, გვაძლევს საშუალებას თამამად ვიფიქროთ, რომ ზეთისხილს საქართველოში დამაიმედებელი მომავალი აქვს”, - ამბობს გიორგი სვანიძე.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, გიორგი სვანიძის კომპანია Georgian Olive-მა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ზეთისხილის ხის ერთი მილიონი ძირი დარგო და გადამმუშავებელი ქარხანაც აამუშავა, რომელიც მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთსა და დამარინადებულ მწვანე და შავ ზეთისხილს აწარმოებს - პროდუქტი ქვეყნის სუპერმარკეტთა მსხვილ ქსელებსა და სასტუმროებში იყიდება.

ქართული ზეთისხილის წარმატებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ტენდენციას ქვეყნის მასშტაბით არც სხვა ფერმერები ჩამორჩნენ და ახლა ზეთისხილის ბაღები საქართველოში 4 000 ჰექტარზეა გაშენებული. ამასთან, საქართველო “ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსაც” შეუერთდა, რომელიც მსოფლიოში ზეთისხილის უმსხვილეს მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს.

“ჩვენი მიწა და კლიმატი ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ევროპული და აზიური ბაზრები უკვე არიან ჩვენი პროდუქციით დაინტერესებული, ადგილობრივი ბაზარი კი იმპორტული პროდუქტითაა გაჯერებული. ამჟამად ბაზრის 20-30%-იანი ჩვენი წარმოებით შევსებული”, - აღნიშნავს გიორგი სვანიძე.

Georgian Olive ერთ-ერთია იმ 300 კომპანიას შორის, რომლებმაც EU4Business-EBRD-ის საერთო კრედიტით ისარგებლეს - ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საერთო ინიციატივით, რომელიც საქართველოსა და მის გარეთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას უწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში, EBRD-ი კომპანიებს, პარტნიორი ბანკების შუამავლობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაში უწყობს ხელს, რათა გაიზარდოს კომპანიის წარმადობა, ეფექტიანობა და სტანდარტები. წარმატებული ინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები ევროკავშირისგან თანხის 15%-ს CashBack-ის სახით იღებენ.

Georgian Olive-ის მიერ პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა კომპანიას მიწის უფრო სწრაფ დამუშავებაში დაეხმარა, რამაც მისი შრომისუნარიანობა გაზარდა. ამ ყველაფერმა კომპანიას ხარჯების შემცირებისა და ახალი ტექნიკის შეძენაში შეუწყო ხელი - თუ აქამდე 5-6 ჰექტარი მიწის დამუშავებას 2-3 დღე სჭირდებოდა, დღეს ეს ვადები დრამატულადაა შემცირებული და მხოლოდ ერთ დღეს საჭიროებს.

ზეთისხილის სექტორში სამუშაო ძალის ძირითად ნაწილის ადგილობრივები წარმოადგენენ. კომპანია ყოველწლიურად 100-დან 150-მდე ადამიანს ასაქმებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილები რეგიონებში შევქმნათ და თავიდან ავირიდოთ სამუშაო ძალის მიგრირება მსხვილ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში. ასევე ძალიან გვეამაყება ჩვენი გავლენა გარემოზეც.

გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი წარმოებაც, მაგრამ შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი”, - აღნიშნავს გიორგი სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები