მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2003 წლის შემდეგ პირველი პრეცედენტია, როდესაც ელჩები პარლამენტის I სხდომას არ ესწრებიან" - სიმონიშვილი

იუნითი

იურიდიული სააგენტო "იუნითის" მმართველი პარტნიორი, ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოტოვება, 2003 წლის შემდეგ, უპრეცედენტო შემთხვევაა და ასეთი რამ არც 2020-ში მომხდარა, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პირველი კითხვები გაჩნდა - ამის შესახებ სიმონიშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.

"ეს არის, 2003 წლის შემდეგ პირველი პრეცედენტი, როდესაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას. მაშინაც კი, როცა 2020 წელს იყო სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ისმოდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩიც, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდში ძალიან აძაგებდა, კელი დეგნანიც კი ესწრებოდა პირველ სხდომას", - აღნიშნავს სიმონიშვილი.

სვიმონიშვილი საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებასაც ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი პარასკევს ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნავდა, რომ ელჩები პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არ არიან, რათა პარლამენტის საქმიანობაში მათი ჩარევის მინიმიზაცია მოხდეს.

"აქ უბრალოდ ორი კითხვა ისმის: თუ ახლა ჩარევად აღიქვამენ პირველ სხდომაზე ელჩების დასწრებას, მაშინ წინა წლებში ეს რატომ არ ითვლებოდა პარლამენტის საქმიანობაში ჩარევად?! და მეორე: როგორ წარმოგვიდგენია, რანაირად უნდა ჩაერიოს უცხო ქვეყნის ელჩი პარლამენტის საქმიანობაში, რომელსაც, დიპლომატიური სტატუსიდან გამომდინარე, არც ამის უფლება გააჩნია და არც - შესაძლებლობა. ის უბრალოდ ესწრება პარლამენტის სხდომას და უყურებს, როგორც მე შემიძლია, ან ჟურნალისტებს, რომლებიც უბრალოდ უყურებენ ამ პროცესს, შეგვიძლია ჩარევა, თუ ამას ჩარევა ჰქვია, ასევე შეუძლიათ ელჩებსაც", - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.

იურისტი მიიჩნევს, რომ 25 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის არ მოწვევის რეალური მიზეზი, მმართველი პარტიის მიერ თავის დაზღვევაა, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ელჩები პარლამენტში თავად არ მივიდოდნენ.

"იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, ქართულ ოცნებას ეჭვი ჰქონოდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარლამენტში არ მივიდოდნენ და წინსწრებით ასეთი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა უფრო ვფიქრობ, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ელჩები პარლამენტის სხდომას ორი მიზეზის გამო არ დაესწრებოდნენ. ერთ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, არჩევნებზე მომხდარი პროცესის გამო და მეორე ის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ელოდება, რა პროცესები წარიმართება ქვეყანაში. მათ უბრალოდ თავი დაიზღვიეს და რასაც მთავრობისგან ვისმენთ, უბრალოდ თვის მართლებაა", - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ მას მხოლოდ პარლამენტის ახლად არჩეული წევრები, კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები