მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი - პაველ ჰერჩინსკი

ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი თითოეულ ხმაზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები 26 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და მომავალი ლიდერი აირჩიონ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„26 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება შესაძლებლობა, გადაწყვიტონ საკუთარი, მათი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ეს კონსტიტუციური უფლება და ასევე სამოქალაქო მოვალეობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცენ, რადგან საქართველოს მომავალი თითოეულ ხმაზეა დამოკიდებული“,- თქვა ელჩმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, შესაბამისი პირობები უნდა შეასრულოს და გაატაროს შესაბამისი რეფორმები, ასევე პატივი სცეს საბაზისო პრინციპებს.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, იქნება კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ როგორც ევროკავშირი, ვაღიარებთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მთავარი შეკითხვა ცოტა განსხვავებულია და ისაა, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სურს თუ არა საქართველოს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პირობები და ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე იმ საბაზისო პრინციპების სრული პატივისცემა, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ეს საბაზისო პრინციპები ფართოდ არის ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების. ეს არის საბაზისო პრინციპები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, განხილვას არ ექვემდებარება. ასე რომ, თუ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანება სურს, ამ პრინციპების სრული პატივისცემა უნდა იყოს“, - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები