კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ 25 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ საპარლამენტო სხდომაზე ელჩების არმიწვევა კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიული სახელმწიფოებისგან იზოლაციისკენ. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
ხმალაძის თქმით, სავარაუდოდ, "ოცნებაში" ფიქრობდნენ, რომ ელჩების დიდი ნაწილი მათ მიწვევას არ მიიღებდა და სწორედ ესაა გადაწყვეტილების მიზეზიც.
"არ მახსენდება ასეთი შემთხვევა, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიეწვიოთ, არც ის მახსენდება, რომ მიეწიოთ და არ მისულიყვნენ პარლამენტის სხდომაზე. ესაა კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოებისგან იზოლაციისკენ. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ვარაუდობს, რომ თუ მიიწვევდნენ დიპლომატების დიდი ნაწილი არ მივიდოდა და ამიტომაც არ მიიწვია, ვფიქრობ, ესაა მიზეზი. ის ხომ უფრო თვალში საცემი იქნებოდა, რომ მიიწვიეს და არ მივიდნენ.
ეს იმას ჰგავს "ქართული ოცნება" "ევროპის სოციალისტური პარტიის" წევრი რომ იყო და იქ საუბარი დაიწყო მათ გარიცხვაზე, მაშინ "ოცნებამ" დაასწრო და სანამ გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, თავად გამოაცხადა, გავდივარ ამ გაერთიანებიდანო",- ამბობს კონსტიტუციონალისტი.
რაც შეეხება იმას, რომ არჩევნებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის მიუხედავად, "ქართული ოცნება" პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას გეგმავს, ვახტანგ ხმალაძის თქმით, უკანონოა.
"არ მიკვირს ეს "ქართული ოცნებისგან". იმდენი უკანონო მოქმედებები და განმარტება ვნახე, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდებიან, ეს იქნება კიდევ ერთხელ კანონის, კონსტიტუციის უგულებელყოფა და ამით კიდევ უფრო მეტი წყალი შეუდგება ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას",- განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების ელჩები 25 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ საპარლამენტო სხდომას არ დაესწრებიან, რადგან ისინი მოწვეულები არ არიან.
"მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.
რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე მოწვეული არ არიან, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი. რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების, თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა, ამ პროცესში აუცილებელი არ არის",- თქვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.