რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის წილი მზარდია. 2023 წლის 9 თვეში სულ 194 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 129 მლნ მხოლოდ რუსეთში გავყიდეთ. რა რისკებს უქმნის ღვინის ინდუსტრიას რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება და რა ისწავლა სექტორმა 2006 წლის ღვინის ემბარგოს დროს - ამ და სხვა კითხვებს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ 2006-2011 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ მანაგაძემ უპასუხა. ის ამ თანამდებობაზე 2006 წელს, რუსული ემბარგოს დაწესებიდან მესამე დღეს დაინიშნა.
- ქართველი მეღვინეები სხვადასხვანაირად იხსენებენ 2006 წლის ემბარგოს: „მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდით“... „ეს იყო ძალიან მწარე გაკვეთილი“... „მაშინ დავიჯერეთ, რომ თურმე ხარისხიანი ღვინის კეთება შეგვიძლია“ - ხშირად მსმენია მსგავსი შეფასებები. თქვენ მეხსიერებაში როგორ ჩარჩა 2006 წლის რუსული ემბარგო?
- 2006 წელს, ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგო ყოველგვარი გაფრთხილების და წინასწარი საუბრების გარეშე დაწესდა; ეს იყო ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ყველაზე მტკივნეული იქნებოდა ღვინის ინდუსტრიისთვის - რთველამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. როგორც მეღვინეები, ისე მევენახეები, ყველა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და ბუნებრივია, ყველა მოტრიალდა მთავრობისკენ კითხვებით - აბა, რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? როგორ გვიშველით? ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მაშინ ოპერატიულად მიიღებოდა; ბევრ რამეს პარალელურად ვაკეთებდით, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედების და რეფორმების დრო არ გვქონდა. ძირითადად, ორი მიმართულებით ვმუშაობდით: ერთი მხრივ, ტარდებოდა ძალიან აქტიური მარკეტინგული სამუშაოები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და მეორე მხრივ, ღვინის ხარისხის უპრეცედენტო კონტროლს ვახორციელებდით - აბსოლუტურად ყველა ქარხნის, ყველა ქვევრის, ყველა რეზერვუარის პროდუქციას ვამოწმებდით, რათა ის მითი, რომელიც რუსებმა გაგვივრცელეს, რომ თითქოს ქართული ღვინო უხარისხოა და გადასაღვრელია, გაგვექრო, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ პრობლემა არ გვქონდა და იმ პროდუქციის მარკეტინგში ვდებდით ინვესტიციას, რომელიც ამას იმსახურებდა. ამდენად, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ის გასაჭირი, რაც კერძო სექტორთან ერთად გადავიარეთ, იყო ძალიან კარგი გაკვეთილი და პოზიტიური როლი შეასრულა ქართული ღვინის გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებაში; მაშინ ძალიან ფორსირებულად ტარდებოდა მარკეტინგული კამპანიები და ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები; ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რაც ამაგრებს ჩემს პოზიციას, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“, ის არის, რომ სწორედ იმ წლებში დოლარში გამოხატული ქართული ღვინის ღირებულება ბევრად მაღალი იყო, ვიდრე - დღეს. იმ პერიოდში, ბაზრები, სადაც ქართული ღვინო გაგვქონდა, უფრო მაღალი საფასო სეგმენტის იყო და რასაკვირველია, ამას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა - ქართულმა ღვინომ შეიძინა თავისუფლების ღვინის სტატუსი შეიძინა და იმ მომენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავდა.
- რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, განსაკუთრებით სწრაფი ტემპით იზრდება რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი. გასაგებია, რომ სახელმწიფო ვერ უკარნახებს ბიზნესს სად გაყიდოს საკუთარი პროდუქცია, მაგრამ მორიგი ემბარგოს შემთხვევაში და რუსეთი არაპროგნოზირებადი ბაზარია, ღვინის ინდუსტრია დახმარებისთვის ისევ სახელმწიფოს მიმართავს. ჩემი კითხვაა - როგორ უნდა გადანაწილდეს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პასუხისმგებლობები და რას უნდა ვაკეთებდეთ დღეს სხვანაირად?
- სახელმწიფომ ბიზნესს გარკვეული სტიმულები უნდა შეუქმნას ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის... ამასთან, ჩემი აზრით, ვინაიდან ჩვენ ოფიციალურად ვვაჭრობთ რუსეთთან, კონკრეტულმა ბიზნესმენმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ივაჭრებს თუ არა ამ ქვეყანასთან, მიუხედავად მწარე გამოცდილებისა. არიან კომპანიები, ვინც რეპუტაციულ იმიჯს უფრო წინ აყენებს, მაგალითად, „თბილღვინო“, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთში ექსპორტი შეაჩერა, ასევე, არიან სხვა პატარა კომპანიებიც. მოკლედ, ბიზნესის გადასაწყვეტია, სად გაყიდის თავის პროდუქციას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მიუხედავად ამხელა ბრუნვისა, რაც რუსეთთან გვაქვს, გარდა იმისა, რომ არაპროგნოზირებადი პარტნიორია, უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად უსამართლო თამაში მოედანია.
- რუსეთის ბაზრის მთავარი მიმზიდველობა მისი მასშტაბი და ცნობადობაა?
- რასაკვირველია; ის ჩვენთვის ისტორიული ბაზარია და რუსეთში ქართული პროდუქციის ცნობადობა, ამიტომ კომპანიებს მარკეტინგში ხარჯის გაწევაც არ სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, 2023 წლის ცხრა თვეში რუსეთში ექსპორტზე 129 მლნ დოლარის ღვინო გავიდა; ჯამში, ეს არის 10-12 ღვინის კომპანიის პროდუქცია, როცა საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი კომპანია.
- გასაგებია, თუმცა მათი წილი ჯამურ ექსპორტში დიდია...
- დიახ, დიდი წილია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რაღაც სხვა ბიზნესმოდელი, რომელიც უფრო რაოდენობაზეა გათვლილი და არა ღირებულებით კომპონენტზე. ის დამოკიდებულება, რაც ღვინის ინდუსტრიას დღეს აქვს რუსეთის ბაზარზე, იმაზე მეტია, ვიდრე 2006 წელს იყო, ამიტომ თუ რაღაც შეფერხებები იქნება, რასაკვირველია, დარტყმაც ბევრად დიდი იქნება როგორც დარგისთვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის და სოციალური ფონისთვის საქართველოში. ამდენად, ეს გასათვალისწინებელია და წინასწარი ზომები მისაღებია, ვინაიდან ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მით უმეტეს ასეთ ტურბულენტურ სიტუაციაში; რა ფორმით და რა მოდელით გადის ქართული ღვინო რუსეთში, ეს მათ ძალიან კარგად იციან და რუსეთს, ნებისმიერ დროს, შეუძლია ხელის მუხრუჭი ამოსწიოს და ღვინის ექსპორტის ასეთი ზრდა, რომელსაც ახლა პროგრესს ვეძახით, თავზე დაგვექცეს.
- და მერე ყველას მოგვიწევს გამოსავლის გზებზე ფიქრი და მუშაობა...
- დიახ... და ერთი ასეთი აზრიც მაქვს, ამ თემასთან დაკავშირებით - რუსეთში ექსპორტირებული თითო ბოთლიდან X ცენტი მიემართოს ახალი ბაზრების მოძიების ფონდში იმ პირობით, რომ თითოეულ X ცენტს სახელმწიფო 2X ცენტს დაამატებს. ფონდში აკუმულირებული თანხა როგორც სახელმწიფოს, ისე ღვინის ინდუსტრიას დაეხმარება უფრო აქტიურ მარკეტინგში ისეთ მიზნობრივ ბაზრებზე, სადაც გვსურს ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს. რასაკვირველია, ფონდში თანხის შეტანა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რომ გადასახადის სახე არ მიეცეს. ძალიან ნედლი იდეა და თემაა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება სექტორისთვის სტიმული იყოს და მსჯელობად ღირდეს.
- თქვენი აზრით, რა ნიშა უნდა დაიჭიროს ქართულმა ღვინომ გლობალურ ბაზარზე?
- სწორება უნდა გვქონდეს ჩინეთის ბაზარზე, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს და ასევე, აშშ-ის ბაზარზე შეღავათიანი სავაჭრო პირობები უნდა დაჩქარდეს, რათა ბენეფიტები მაქსიმალურად მივიღოთ. გარდა ამისა, ვფიქრობ მარკეტინგული ღონისძიებები, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო ატარებს და 14 მლნ ლარი იხარჯება, ძალიან კარგია, მაგრამ მარკეტინგული აქტივობები და გამოფენებზე მონაწილეობა, არ ნიშნავს გაყიდვებს. ვფიქრობ, დონორების და ბიუჯეტის ფულით უფრო აქტიური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და ამ ფორმითაც დავეხმაროთ ღვინის მწარმოებლებს ექსპორტის დივერსიფიკაციაში; ამის მაგალითები აქვს ავსტრალიას, ჩილეს, რომლებიც ისეთ დიდ ბაზრებზე ექსპორტისთვის მუშაობენ, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი.