ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის და ღვინის დარგის მართვის მაგისტრის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს. „დარგში რეფორმებს ღვინის ეროვნული სააგენტოს რეფორმირებით დავიწყებდი, რადგან სააგენტოს მეტი თავისუფლება სჭირდება“, - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, ქართული მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
- ვფიქრობ, ღვინის ეროვნულ სააგენტოს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ, არ აქვს დამოუკიდებლობა; ის ძალიან არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა რომ იყოს არჩევითი ან მინიმუმ ისე მაინც იყოს მოწყობილი მმართველობითი სტრუქტურა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი გარკვეული ვადით - მაგალითად, 4 წლით ინიშნებოდეს, მას ექნება გარანტია, რომ თუ რაიმე რეფორმას დაიწყებს, შუა გზიდან არ გაუშვებენ.
- თქვენ როცა იყავით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ეს ფაქტორი გაფერხებდათ?
დიახ, ძალიან... ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვერც დამოუკიდებელია და ვერცერთ მოადგილეს ვერ ნიშნავს დამოუკიდებლად ანუ სააგენტოს მენეჯმენტი აბსოლუტურად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და იმ პოლიტიკაზე, რასაც ის ატარებს...
- რა სჭირდება ყველაზე მეტად საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგს განვითარებისთვის?
- პირველ რიგში, განათლება. მართალია, თბილისში გაჩნდა სასწავლებლები, სადაც მევენახეობა-მეღვინეობას ასწავლიან, მაგრამ რეგიონებში - ნაკლებად არის. ვფიქრობ, იმერეთსა და კახეთში თითო სასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს. ასევე, მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის საჭიროა დეცენტრალიზაცია და ამ პროცესში კერძო სექტორის - როგორც დარგობრივი და რეგიონალური ასოციაციების, ისე ღვინის კომპანიების აქტიური ჩართულობა. ვგულისხმობ რეგიონებში დელეგირების დაწყებას. გადაბარება არასწორი იქნება კონტროლის ან მარკეტინგის, მაგრამ მათი მეტი ჩართვა საჭიროა... ჩვენ ვიცით, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები - იგივე ევროკავშირმა როგორ შეძლო მეღვინეობის განვითარება რიგი საკითხების რეგიონებზე დელეგირებით; ვფიქრობ, უნდა გაიზარდოთ რეგიონული, ღვინის დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობა და ჩართულობა ადგილწარმოშობის დასახელებების ბრენდინგის და პრომოციის ნაწილში და არა მარტო... ამის კარგი მაგალითია ბოლნისის ღვინოები - ბოლნისელებმა მოახერხეს გაერთიანება და ამ გზით ბოლნისური ღვინოს ცნობადობის ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდა სულ რაღაც 5-7 წელიწადში. გარდა ამის, ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის კონტროლის გაძლიერება, რასაც მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტო ვერ გასწვდება.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- არ უნდა გვეშინოდეს...
- რისი არ უნდა გვეშინოდეს?
- საქმის კეთების და გადაწყვეტილების მიღების... სამწუხაროდ, იმ ხალხს, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ეშინიათ, რამე არ შეეშალოთ და არაფერს აკეთებენ ხოლმე.