მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი შეჯანჯღარება მოუხდებოდა <ღვინის კომპანიებს>“ - ინტერვიუ გიორგი სამანიშვილთან

გიორგი სამანიშვილი

2023 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 168 მლნ დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ექსპორტის გეოგრაფია განაპირობებს ღვინის დარგის განვითარებას“ - ასე ფიქრობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ექს-უფროსი გიორგი სამანიშვილი, რომელმაც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქართული ღვინის ინდუსტრიის გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.

- 2019 წელს, BMG-სთან ინტერვიუში თქვენ თქვენ ასეთი ფრაზა გაქვთ ნათქვამი: „დარგს სჭირდება რეფორმა, ჩვენ თითქმის გავედით პოსტსაბჭოთა სტილის მეღვინეობიდან და გადავდივართ თანამედროვე „ევროპული“ სტილის მეღვინეობაში. უკან არ უნდა დავბრუნდეთ, ამაზე მუშაობაა საჭიროა“... სად ვართ დღეს გიორგი სამანიშვილის აზრით?

- პოსტსაბჭოთა იმიჯიდან გამოვედით და ცალსახად, საქართველოს მიმართ გაზრდილია ინტერესი როგორც მეღვინეობის ქვეყნის მიმართ; ბოლო წლებში, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გამოწვევაც მეტია, ამიტომ უფრო მეტი პროფესიონალური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. განსაკუთრებით ხშირი ცვალებადობა გვაქვს დარგის პოლიტიკის; არასტაბილურ რეგიონში ვართ და რა მიმართულებითაც ექსპორტი იზრდება, ეს განაპირობებს დარგის განვითარებას; ყველას მოგვეხსენება, ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი საით არის <რუსეთი> და ეს მიგვათრევს პოსტსაბჭოთა ღვინის სტილისტიკისკენ. ამიტომ ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ, რათა უკან არ დავბრუნდეთ.

- 2023 წელს, რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% ეჭირა...

- სამწუხაროდ...

- როგორ შეიძლება შემცირდეს რუსეთში ღვინის ექსპორტი ანუ როგორ დავშორდეთ რუსულ ბაზარს და ვის პასუხსიმგებლობას გამოყოფდით ყველაზე მეტად?

- 2013 წელს, როცა ღვინის ემბარგო მოიხსნა და რუსეთის ბაზარი გაიხსნა, მახსოვს მთელი დარგი შეთანხმებული ვიყავით, რომ არასდროს გავხდებოდით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ - „იქ ღვინის წაღებას არ გავრისკავთო“...

- მათ შორის მსხვილი კომპანიები, რომლებიც გაკოტრებას ძლივს გადაურჩნენ?

- დიახ, მაშინ, მსხვილი კომპანიები ფინანსური კრიზისიდან ძლივს გამოძვრნენ. ეს მწარე გამოცდილება ახალი იყო და 2013 წელს ყველამ ფრთხილად დაიწყო რუსეთში ექსპორტი, მაგრამ შემდეგ იგივე ხალხისგან მესმოდა - „რა ვქნა, იმდენად ადვილია <რუსეთში ექსპორტიო>“, თუმცა არიან ღვინის კომპანიებიც, რომლებმაც რუსეთში ღვინის გაყიდვაზე უარი თქვეს - „ფასის დაწევის შეჯიბრში ღვინის ხარისხის გაფუჭება არ გვიღირსო“. ასეთმა კომპანიებმა ბევრი ფული დაკარგეს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტს მოიგებენ. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იმ მარნების მფლბელები, ვინც ცდილობენ, შვილებს გადააბარონ ბიზნესი, გაცილებით წინ იყურებიან...

- რუსეთში ღვინის ექსპორტის წილის შემცირებაში სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ? - ხშირად მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხია - ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ექსპორტიორებს სად გაყიდონ ღვინოო...

- ასეთი მიდგომა არ მესმის; ვინც დარგის პოლიტიკას საზღვრავს და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლების საქმეა, მან სწორედ დარგთან ერთად უნდა განსაზღვროს, რუსეთში ექსპორტი გვინდა თუ - არა. ეს არის კარნახი. რა თქმა უნდა, არ უნდაი ყოს უხეში ჩარევა, მაგრამ შეგვიძლია დარგს მიმართულება მივცეთ...

- გიორგი სამანიშვილი დღესაც რომ იყოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - რას ეტყოდა ღვინის ინდუსტრიას? ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვასილ მანაგაძემ „წერტილში“ სტუმრობისას გაიხსენა რუსული ემბარგოს პერიოდი - “2006 წელს, რუსეთის ემბარგოს დროს ყველა მთავრობას მოუტრიალდა - როგორ გვიშველითო?“

- მაშინ ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 87% იყო და წარმოუდგენელი იყო ევროპაში ან ამერიკაში ექსპორტი. ახლა თუ დაიკეტა რუსეთის ბაზარი, ძალიან ცუდია მოკლე პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს დარგისთვის ცუდი არ იქნება.

- მორიგი მწარე გაკვეთილი გვჭირდება?

- ერთი შეჯანჯღარება მოუხდებოდა <ღვინის კომპანიებს> და ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს მიუბრუნდებიან და დახმარებას მოითხოვენ, არ იქნებიან მართლები, რადგან ყველამ იცის, როგორი არადემოკრატიული ბაზარია რუსეთი. შესაძლებელია, ბევრს არ ახსოვს, რომ იქ ქართული ღვინო არაა დაშვებული. თუ არ ვცდები, რუსეთში 150-200 კომპანიის ღვინოების შეტანაა დაშვებული ანუ რეალუარდ რომ შევხედოთ, მათ ამოარჩიეს კომპანიები და უთხრეს, თქვენ შემოიტანეთ ღვინოებიო... არაჯანსაღია ეს პროცესი. რა თქმა უნდა, კომპანიებს შეუძლიათ, სხვისი სახელით გაიტანონ ღვინო. ეს არავის უქმნის პრობლემას, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ არის რისკები.

- სახელმწიფომ, როგორც დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელმა რა უნდა გააკეთოს რისკების მინიმიზაციისთვის?

- ძალიან რთულია... ყველა იდეა, რაც მქონდა ანუ როგორ შეიძლება არ წავიდეთ რუსეთის ბაზრისკენ, არც ისე ლიბერალურია და ისეთი ხისტია, რომელსაც მე თვითონაც ვერ გავრისკავდი, თუმცა ცოტა იმედი გამიჩნდა მას შემდეგ, რააც გავიგე, რომ მიმდინარე წლის მაისიდან, რუსეთი ღვინის იმპორტზე აქციზს ზრდის და იმედია, ქართულ ღვინოზე გამონაკლისი არ იქნება. აქციზის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ღვინოების საფასო სეგმენტი მოიმატებს და იმედი მაქვს, ცოტა უფრო უკეთეს კატეგორიაში დავბრუნდებით - რუსეთის ბაზარზეც შეიძლება ხარისხიანი ღვინით მუშაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები