ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი და ღვინის დარგის მართვის მაგისტრი გიორგი სამანიშვილი, პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტზე მუშაობს.
„ვეცდებით, თბილისში მეღვინეობის კულტურა დავაბრუნოთ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც პროექტის კონცეფციაზე ისაუბრა.
ღვინის სკოლა, სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზი, ღვინის მაღაზია და შესაძლოა, ღვინის მუზეუმი - ეს ყველაფერი პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მოეწყობა.
გიორგი სამანიშვილს ინვესტიციის მოცულობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ სტუმრების მიღებას რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შეძლებენ.
- საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომლითაც გვინდა ქალაქში მეღვინეობის კულტურა დავაბრუნოთ, ახალი მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ, სადაც იქნება ყველაფერი ღვინის შესახებ. პეტრიაშვილის ქუჩაზე 1896 წელს აშენებული ღვინის პირველი ქარხანა, როგორც ღვინის მარანი, უნიკალური არქიტექტურით, ყოველთვის იყო მეღვინეობის ცენტრი, სადაც ღვინო მზადდებოდა. სწორედ ამ სივრცეში გავაკეთებთ ღვინის სკოლას, სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზს, ღვინის მაღაზიას. აქ არის უძველესი ენოთეკა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია; სურვილი გვაქვს და შევეცდებით, ის ავაღორძინოთ.
- ღვინის სკოლაში რას ასწავლით?
- ღვინის დამზადებას, დეგუსტაციას, ღვინის ისტორიას... ჩავატარებთ მასტერკლასებს; ღვინის მოყვარულებისთვის სხვადასხვა მოთხოვნადი კურსები იქნება.
- ღვინის მუზეუმიც იქნება?
- ენოთეკა იმდენად მდიდარია, შეიძლება, ენოთეკას მუზეუმის სახეც მიეცეს.
- ახალი მიზიდულობის ცენტრისთვის სახელი შერჩეული გაქვთ?
- ამ მარანს ერქვა „თბილისის ღვინის ქარხანა“... მანამდე ერქვა „თბილისის ღვინის სარდაფი #1“, ასე რომ, სახელს შევუნარჩუნებთ...