ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის და ღვინის დარგის მართვის მაგისტრის გიორგი სამანიშვილის აზრით, ქართული ღვინის ცნობადობისა და ზრდისთვის ბევრია სამუშაო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ სამიზნე მარკეტინგული ბაზრები სწორად არის შერჩეული, ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობაც კარგია, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. „ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია, მაგრამ მოთხოვნა არაა გაზრდილი“, - თქვა მან “წერტილთან“ ინტერვიუში. გიორგი სამანიშვილს მიაჩნია, რომ მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის საჭიროა დეცენტრალიზაცია და ამ პროცესში კერძო სექტორის - როგორც დარგობრივი და რეგიონალური ასოციაციების, ისე ღვინის კომპანიების აქტიური ჩართულობა.
- როდესაც ჩვენს პროდუქტს ვაცნობთ, ვუყვებით ქართული ღვინის ისტორიას და ვხედავთ, რომ ინტერესი ძალიან გაზრდილია, მაგრამ მოთხოვნა მაინც დაბალია. აინტერესებთ ქართული ღვინო, მაგრამ ჯერ არ ყიდულობენ. არ ყიდულობენ იმიტომ, რომ არ იციან ზუსტად რა დასახელების ქვეშ რა შეხვდებათ... ჩვენი ღვინის დასახელებები სტილთან კავშირში არაა მაგალითად: თუ ვყიდულობთ "ბურგუნდიას", ვიცით, დაახლოებით, რა სტილის ღვინო იქნება ბოთლში... ქართული ღვინის დასახელებები ჯერ ისედაც რთული წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დასახელების ღვინოს შესაბამისი, გამოკვეთილი სტილი ჰქონდეს. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში გაცილებით წინ ვიყავით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების განვითარების მხრივ, მაგრამ ეს ნაწილი ცოტა მივუშვით; ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები რუსეთის ბაზრისთვის დავტოვეთ, ამიტომ მათმა რეპუტაციამაც იკლო... ქინძმარაული, ხვანჭკარა - ყველაზე ცნობილი, მოთხოვნადი დასახელებები, ცოტა დამამცირებელიც კი გახდა.
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, როდესაც ამერიკაში ვატარებთ დეგუსტაციას, არავის მიაქვს წარსადგენად ღვინო ხვანჭკარა. ანუ რაღაც მიზეზის გამო...
- რატომ? რა არის მიზეზი?
- იმიჯი დაგვიბერდა... არ ვმუშაობთ ღვინოების დასახელებების ბრენდირებასა და პრომოციაზე. ადგილწარმოშობის დასახელებებს, რეგიონალურ ღვინოებს ცოტა მეტი ყურადღების მიქცევა უნდა. მივდივართ მთავარ პრობლემამდე - შეუძლებელია, ცენტრალიზებულ სისტემაში, ერთმა ორგანიზაციამ ყველაფერს მიაქციოს ყურადღება.
- რას გულისხმობთ?
- დასახელება „ხვანჭკარას“ განვითარებაზე უნდა იზრუნონ რაჭველმა მეღვინეებმა, ტვიშის - ლეჩხუმელებმა წინანდლის - წინანდალელებმა და თელაველებმა, რადგან შეუძლებელია, ღვინის კომპანიამ თუ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყველას მხარეს და ღვინოს თანაბარი ყურადღება მიაქციოს.
- რაჭველებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა - ჩვენ მოგვყავს სახვანჭკარე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ და პრომოციაზე როგორ ვიზრუნოთ?
- ჩვენ ვიცით, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები - იგივე ევროკავშირმა როგორ შეძლო მეღვინეობის განვითარება რიგი საკითხების რეგიონებზე დელეგირებით; ვფიქრობ, უნდა გაიზარდოთ რეგიონული, ღვინის დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობა და ჩართულობა ადგილწარმოშობის დასახელებების ბრენდინგის და პრომოციის ნაწილში და არა მარტო... ამის კარგი მაგალითია ბოლნისის ღვინოები - ბოლნისელებმა მოახერხეს გაერთიანება და ამ გზით ბოლნისური ღვინოს ცნობადობის ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდა სულ რაღაც 5-7 წელიწადში.