ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი და ღვინის დარგის მართვის მაგისტრი გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი უნდა გაძლიერდეს და ამას მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტო ვერ გასწვდება. ღვინის შესაძლო ფალსიფიკაციაზე ღვინის დარგის მართვის მაგისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
- ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ საქართველოს მეღვინეობა თითქმის გადავიდა პოსტსაბჭოთა სტილის მეღვინეობიდან და გადავდივართ თანამედროვე, ევროპული სტილის მეღვინეობაში და ძალიან მნიშვნელოვანია უკან არ დავბრუნდეთ. უკან ნაბიჯების გადადგმის რისკს ზრდის საექსპორტო ბაზრების. ვიცით, რომ ქართული ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში გადის და აქედან გამომდინარე, ჩნდებიან ღვინის კომპანიები, უკვე რამდენიმეა, რომელიც ძალიან ცუდ ხარისხზე მუშაობს და ამ კომპანიების გაკონტროლება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნულ სააგენტოს არ შეუძლია. საჭიროა, სხვა უწყებების ჩართვა...
- ფალსიფიკაციაზე გაქვთ ეჭვები?
- მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ასე არის.... ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას უფრო ძალოვანმა უწყებებმა უნდა მიხედონ...
- ღვინის ეროვნული სააგენტოც ხომ ამოწმებს ღვინის ხარისხს?
- ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხარისხზე, ღვინის სტილისტიკაზე შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვა უწყებებმა უნდა მიხედონ. არცერთ ქვეყანაში, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ დარგის მარეგულირებელი არ და ვერ იბრძვის. ყოველთვის სჭირდება სხვა სამინისტროების ჩართვა - იქნება ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თუ შსს...
- რატომ ფიქრობთ, რომ ფალსიფიკაციის პრობლემა გამსხვილდა? თქვენი ეჭვების მიზეზი რა არის?
- ვსინჯავთ ღვინოებს... ბევრი ეჭვი ჩნდება... ღვინოზე ფასები იკლებს და რიგი კომპანიები 100%-ით ამაზე მუშაობენ... ეს ყველაფერი ძალიან მახსენებს 2005 წელს, როცა ავეჯის ქარხნებში ისხმებოდა ღვინოები...
- „8000-წლიანი ისტორია გვაქვს, მაგრამ ჩვენი სახეა ის ღვინო, რომელიც ჭიქაში ასხია“ - სომელიე შალვა ხეცურიანმა თქვა „წერტილში“... რას გვიყვებიან ქართული ღვინოები დღეს?
- ადამიანმა, რომელსაც აინტერესებს ქართული ღვინო, გაიცნო მისი 8000-წლიანი ისტორია, წაიკითხა წიგნები, შემდეგ კი, გასინჯა ღვინო და იმ ღვინოში ამოიცნობს პოსტსაბჭოთა სტილის გემოს, მთელი ჩვენი 16 მლნ ლარი, რომელსაც ქართული ღვინის მარკეტინგში ვხარჯავთ წელს, წყალში იყრება...
- რა გემო აქვს დღეს ქართული ღვინოების უმრავლესობას, რომელთაც თქვენ სინჯავთ?
- იმ ღვინოებს, რომელთაც საქართველოში ვსინჯავთ, ძალიან საინტერესო გემო აქვს... დიდი ნახტომია გაკეთებული - ღვინოებში ხასიათი ჩანს, რაც ძალიან მიხარია, მაგრამ ჩინეთში გამისინჯავს ქართული ღვინოები, სადაც ვერცერთ საფერავში უბრალოდ საფერავი ვერ ამოვიცანი.
- ბრენდის დასახელებას არ გთხოვთ, მაგრამ ჩინეთში ექსპორტიორი კომპანიებით დავინტერესდი...
- ღვინის დახურული დეგუსტაცია იყო და საიდან მოიტანეს ნიმუშები არ ვიცი...
- ღვინის ეროვნული სააგენტო საექსპორტი ნიმუშებსაც ხომ ამოწმებს?
- იცით, ვინც ცუდად მუშაობს, ის ყოველთვის ახერხებს, რაღაც ხვრელი იპოვოს... ამიტომაც გამოძიება სჭირდება.