ღვინის მობილური ქარხანა "მხოლოდ კარგი ღვინოები" მობილური ჩამომსხმელი ხაზია, რომელიც ყველა მეღვინეს საშუალებას აძლევს მაღალ ტექნოლოგიურ დანადგარებზე ადგილზე მიუწვდებოდეს ხელი. როგორია მოთხოვნა სერვისზე, ვის და რა პირობით შეუძლია მოძრავი ქარხნის დაქირავება - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ვასილ მანაგაძემ გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას ისაუბრა.
"ვიცოდი, რა მოთხოვნები იყო ბაზარზე წარმოებათა ჯაჭვში, ერთ-ერთი გამოწვევა ღვინის ჩამოსხმა იყო, რომელიც დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს მარნებისგან. რასაკვირველია, ყველას ხელი არ მიუწვდება მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, ისინი ღვინოს ან დიდ ქარხნებში ასხამენ, ან ნახევარავტომატიზირებულ პირობებში, ერთი ხარჯებს იწვევს, ხოლო მეორე ხარისხის პრობლემას აყენებს, სწორედ ამიტომ, საქართველოში მოვიდა იმის დრო, რომ ასეთი სერვისი არსებობდეს", - განმარტა მანაგაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა მოძრავი ღვინის ქარხნის ფასებზე ისაუბრა:
"გამოვყავით ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, ერთი ბოთლის საფასური 70 თეთრია, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონში გვიწევს სიარული ამ ფასში არ შედის ტრანსპორტირების ხარჯი, ჩვენი დანადგარი საათში 3000 ბოთლს აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 8-საათიან სამუშაო დღეში 17-18 000 ბოთლის ჩამოსხმა შეგვიძლია. წელიწად-ნახევარია, რაც ბაზარზე გამოვჩნდით და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, მოთხოვნის ძირითადი წილი კახეთზე მოდის, ამასთან, აქტიურად დაიწყეს შეკვეთები იმერეთიდან, რაჭიდან და ქართლიდანაც", - ამბობს მანაგაძე.
დამფუძნებლის თქმით, კომპანიამ გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარი მოკვლევა ჩაატარა, შეისწავლა რეგიონების საჭიროებები და სწორედ ასე აარჩია თავისი დანადგარი.
"ჩვენი დანადგარები 2021 წლის უმაღლესი ხარისხის იტალიური მოდელია, რომელსაც 50-წლიანი სიცოცხლის უნარიანობა აქვს, ეს დანადგარი გამოკვლევებიდან გამომდინარე, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე შევუკვეთეთ, დანადგარი ნებისმიერი სახის ბოთლსა და საცობს ერგება", - დასძინა მან.
ცნობისთვის: სტარტაპი "მხოლოდ კარგი ღვინოები" ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა.