საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ფარგლებში, კიდევ 6 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ თავად უწყების განცხადებიდან ხდება ცნობილი.
პროკურატურა წერს, რომ საუბარია ორ საქმეზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს განხორციელებულ ქონების უფლების უხეშ დარღვევას ეხება.
საუბარია ხობის მუნიციპალიტეტსა და თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მესაკუთრეებს წინა ხელისუფლების პერიოდში, სხვადასხვა სქემით, ჩამოართვეს.
დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავი აერიდებინათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან.
- დანაშაულებრივი სქემა: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა.
- შედეგი: ამ ქმედების შედეგად, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლების საკუთრება, კომპენსაციის გარეშე, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა.
უკანონოდ ჩამორთმეული ნაკვეთები, რომლებიც ამ ეტაპზე დაუბრუნდება მესაკუთრეებს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურსა და ხეთაში მდებარეობს და 5 დაზარალებულ მოქალაქეს ეკუთვნის.
გარდა რეგიონული საქმისა, პროკურატურის დეპარტამენტმა თბილისში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტიც გამოავლინა:
2011 წლის ოქტომბერში გიორგი მელაძემ სოფელ დიღომში 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 4 000 აშშ დოლარად შეიძინა. ქონების შეძენიდან მალევე, იგი დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც, მიუხედავად დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კეთილსინდისიერად შეძენილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეთმო.
პროკურატურამ ექვსივე ზემოხსენებული პირი დაზარალებულად ცნო და შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის უწყებას, რათა ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები მესაკუთრეებს დაუბრუნდეს.
მათივე სტატისტიკით, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილია 494 პირი. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, 341 პირს უკვე დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67,200,000 ლარის ღირებულების ქონება.
სასამართლომ, დეპარტამენტის შუამდგომლობით, 123 პირის მიმართ უკვე დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. მათგან 30-ს მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
























