მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2012 წელს, სოროსმა წაიყვანა ივანიშვილი დავოსის ფორუმზე და წარუდგინა ცივილიზებულ ბიზნესს - ხიდაშელი

ივანიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს საერთაშორისო ფორუმზე მეგობრები არცერთ ბანაკში აღარ ჰყავს და სწორედ ამიტომ არ მიიწვიეს დავოსის ფორუმზე და მიუნხენის კონფერენციაზე. ხიდაშელმა ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

მან გაიხსენა, რომ 2012 წელს, ჯორჯ სოროსმა წაიყვანა ივანიშვილი დავოსის ფორუმზე და წარუდგინა ცივილიზებულ ბიზნესს.

"ყველა წელი იწყება 2 მთავარი პარალელური ღონისძიებით - ერთი არის ეკონომიკაში დავოსის ფორუმი და მეორეა - თავდაცვა, უსაფრთხოება, სახელმწიფოების გამძლეობა და სიმტკიცე მომატებული საფრთხეების წინაშე და ეს არის მიუნხენის კონფერენცია. არცერთ ამ ღონისძიებაზე "ოცნება" მიპატიჟებული არ არის და არ მიიღებს მონაწილეობას.

სხვათა შორის, აუცილებლად უნდა ვთქვა, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილს მაშინ მაინცდამაინც არ იცნობდნენ, შესაბამისად, სათუო იყო დაპატიჟება ამ ორ ფორუმზე, ის კაცი, რომელმაც ივანიშვილი თავად წაიყვანა დავოსის ფორუმზე და წარუდგინა მთელ ცივილიზებულ ბიზნესს იყო ჯორჯ სოროსი, ის ჯორჯ სოროსი, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მან წარადგინა ბიძინა ივანიშვილი დავოსის ფორუმზე, მან გამოუგზავნა მოწვევა და მისი ინიციატივით და მისი მხარდაჭერით მოხდა მისი და იმდროინდელი მთავრობის წარდგენა დავოსის ფორუმზე.

საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმზე მეგობრები აღარ ჰყავს, არცერთ ბანაკში, მეგობრები, რომლებიც შეძლებენ ასეთი ხიდი გახდნენ მასსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის, იმიტომ, რომ ყველა გადაიმტერეს. პირველი კონფერენცია იქნება მიუნხენში, სადაც საქართველო საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეულები", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ არსებული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე, "ქართულო ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე დავოსის 2025 წლის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები