მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2012 წლამდე ეროვნული ბანკი ბიზნესზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა - ნათია თურნავა

629dcd6b8c460
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.22 13:54
1218
დღეს პარლამენტის დარგორბივი ეკონომიკის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურას განიხილავდა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თურნავამ სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წლამდე იყო დრო, როდესაც ეროვნული ბანკი სხვადასხვა ბიზნესსა და საფინანსო ინსტიტუტზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა. თურნავას განცხადებით, ეს დრო აღარ განმეორდება.

“ჩვენ გვახსოვს, რომ წარსულში ეროვნული ბანკი იქცეოდა სხვადასხვა ბიზნესებზე, საფინანსო ინსტიტუტებზე ზეწოლის ბერკეტად, ეს იყო 2012 წლამდე. ეს პერიოდი დასრულდა და ეს პერიოდი არასდროს განმეორდება. ეროვნული ბანკი არის საკუთარ პოლიტიკაშიც დამოუკიდებელი და სრულიად დეპოლიტიზირებული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

დეპუტატ ბექა ლილუაშვილის კითხვაზე, იყო თუ არა სებ-სა და მას შორის რაიმე უთანხმოება თურნავა აცხადებს, რომ უთანხმოება მთავრობასა და სებ-ს შორის ეკონომიკის სამინისტროში მისი საქმიანობის პერიოდში არ ყოფილა, თუმცა არსებობდა აზრთა სხვადასხვაობები, რომელთაც მთავრობა სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე პატივს სცემდა.

“რას არ ვეთანხმებოდი? - ვერ გეტყვით, რომ რაღაც რადიკალური უთანხმოება არსებობდა რაიმე ეტაპზე და რაიმე პერიოდში მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის. პირიქით, მე ის ავღნიშნე, რომ კომუნიკაციის და კოორდინაციის ხარისხი იყო საკმაოდ მაღალი, ყოველ შემთხვევაში იმ სამ წელიწადში, რა პერიოდშიც მე ამაში ვმონაწილეობდი. ამას მე ვხსნი დღევანდელი მთავრობის და ეროვნული ბანკის კომუნიკაციის ხარისხით ასევე იმ გლობალური გამოწვევებით, რის წინაშეც დადგა ქვეყანა, როდესაც ეს კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

შესაბამისად, სხვადასხვა საკითხებზე იყო და შეიძლება აწიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა და გაგრძელდეს კამათი თუ როგორ ჯობია, მაგრამ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა ანტი-ინფლაციური პოლიტიკა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხზე ადაწყვეტილებები მიიღებოდა მეტნაკლებად კოორდინირებულად, თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სებ-ის დამოუკიდებლობა და ეს პრინციპი დაცულია კონსტიტუციით. სებ-ი ყოველთვის იჩენდა და იჩენს პრინციპულობას და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ ეს პირიქით დადებითია და მომცემს საშუალებას დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის მუშაობაში მეტი კოორდინაციის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ჩემთვის უპირატესი არის ეს დამოუკიდებლობის პრინციპი და ეს ასეც იქნება,”- აცხადებს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები