2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დროს იქნა მიღებული - საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით აიხსნება და ქვეყნის ეკოლოგიის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. 2024 წლიდან შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებზე მოქმედებს, მაგრამ მომდევნო წლებში - აკრძალული საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში 2013 წლამდე გამოშვებული სატვირთო ავტომობილები და სპეც. ტექნიკაც მოხვდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ცვლილება EURO 5-ის სტანდარტთან შესაბამისობაში ყოფნისთვის მიიღება. ვინაიდან, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მას შესაბამის რეგულაციების მიღება და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივად დაწესებაც უწევს.
მაშ, საინტერესოა, თუ რა შედეგი ჰქონდა რეგულაციას მისი ამოქმედებიდან თვე-ნახევრის შემდეგ? ამ კითხვას “საქმიან საღამოში” საქართველოს უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიის, Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ უპასუხა. მისი თქმით, 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე მოთხოვნა ისედაც მცირე იყო, ანუ ამ შეზღუდვას, რომელსაც ლომიძე დადებითად აფასებს, ბიზნესისთვის დიდ დარტყმა არ მიუყენებია.
“სურათს ფართოდ რომ შევხედოთ, გეტყვით, რომ 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე ჩვენი ბიზნესის ბრუნვის 5-7% მოდიოდა, ანუ ეს შეზღუდვა არც ბიზნესისთვის წარმოადგენს დიდ დარტყმას და არც მყიდველისთვის და მასთან ადაპტირება მარტივადაა შესაძლებელი”, - განაცხადა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.