მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015-ის და 2022 წლის ღარიბაშვილი განსხვავებული პირები არიან და განსხვავება ზრდაშია - ნოდარ გიორგაძე

63de6b8c4c39b
გიორგი არონია
05.02.23 15:00
2173

“ირაკლი ღარიბაშვილი 2015 და ირაკლი ღარიბაშვილი 2022 - ორი აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან და განსხვავებას ვხედავ ზრდაში”, - ასე ეხმიანება “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი და ინვესტორი ნოდარ გიორგაძე BMG TV-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ის საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საქმიანობას. თავად ეს შეკითხვა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ქართული Forbes-ისთვის 2020 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში, ნოდარ გიორგაძე აღნიშნავდა, რომ ოთხი წლით ადრე, ანუ 2016 წელს, ბიზნესის დაწყება უფრო მარტივი იყო, ვიდრე 2020 წელს, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ენთუზიაზმმა ითამაშა.

“იცით, ბიზნესის დაწყება მარტივი არასდროსაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულია, მაგრამ პროგნოზირებადობის ფონზე ჩემთვის საინტერესო იყო ახალი პროექტების წამოწყება. ბიზნესი ცოცხალი არსებაა, ის არ არის მხოლოდ ფული. ფული მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. იყო ეს მოტივაციები და სურვილები ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში. მან თბილისის აკვაპარკის სტუმრობისას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა ჩვენი პროექტებისადმი. ამას მოჰყვა გიორგი კვირიკაშვილი… ეს იყო ძალიან სერიოზული თემა და მოტივაცია და ყველას ვუმტკიცებდი, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ასეც არის”, - ამბობდა ნოდარ გიორგაძე Forbes-თან საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილის მეორე პრემიერობის შესახებ ნოდარ გიორგაძემ 2023 წელს, გადაცემა Forbes Talks-შიც ისაუბრა. ქართული წარმომავლობის სლოვაკი ინვესტორის შეფასებით, პრემიერობის პირველი ვადის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მეტად გაზრდილია.

“იცით, ახლაც იმავეს გავიმეორებ, რადგან ბატონი ირაკლი აქაც კი იყო ამოსული და პრესკონფერენციაც ჩავატარეთ, როცა ვნახეთ, აქ რას ვაკეთებთ. სხვათა შორის, თბილისის ზღვის პროექტი სწორედ იმ დროს დაიწყო… ირაკლი ღარიბაშვილი 2015 და ირაკლი ღარიბაშვილი 2022 - აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან და განსხვავებას ვხედავ ზრდაში. ამასწინათ, გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით მასთან შეხვედრა მქონდა და დავინახე, რომ ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებში და მათ შორის პერსპექტივებში, თუ რომელ მხარეს შეიძლება ეს ყველაფერი წავიდეს, ის გაცილებით უფრო შორს და ზემოთ არის წასული, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო 2015 წელს”, - ამბობს ნოდარ გიორგაძე.

ცნობისთვის: ნოდარ გიორგაძე ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპელი ინდივიდუალური ინვესტორია, რომელსაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოსა და სლოვაკეთში, 240 მილიონი ევრო აქვს ინვესტირებული - აქედან საქართველოზე 87 მილიონი ევრო მოდის. ნოდარ გიორგაძეს ეკუთვნის თბილისის ზღვის მიმდებარედ ასაშენებელი მეგაპროექტი “გრინ სითი”, რომელიც, თავის დროზე, 500 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ახლა, უკვე 750 მილიონადაა შეფასებული. ინვესტორის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები