მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის შემდეგ პირველად, Google-მა Apple-ს საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით გადაუსწრო

ბრიტანეთი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.97 ტრილიონს მიაღწია და 2019 წლის შემდეგ პირველად გადაუსწრო კომპანია Apple-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციის შეფასებაც ამჟამად $3.82 ტრილიონზეა.

აღსანიშნავია, რომ Google-ი საფონდო ბირჟაზე მშობელი კომპანიის, Alphabet-ის სახელით არის წარმოდგენილი, რომლის აქციების ფასიც ბოლო დღეებში 2%-ით გაიზარდა, გასული 12 თვის განმავლობაში კი 65%-იანი ზრდა დააფიქსირა - საუკეთესო წლიური შედეგი 2009 წლის შემდეგ.

ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის კაპიტალიზაციის მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წლის განმავლობაში მიღწეულ არაერთ წარმატებასთან, მათ შორის, AI მოდელ Gemini 3-ის გამოსვლასთანაა დაკავშირებული. საუბარია OpenAI-ს ChatGPT-ს კონკურენტ პროდუქტზე, რომელმაც AI ინდუსტრიაში ყველა კონკურენტზე უკეთესი შედეგების დადება შეძლო. კომპანიისადმი ნდობის ზრდა განაპირობა საკუთარი პროცესორების წარმოების მიმართულებით, Ironwood-ის გაძლიერებამაც, რომელსაც Alphabet-ი ტექნოლოგიურ გიგანტ Broadcom-თან ერთად პარტნიორობით ავითარებს. საუბარია Nvidia-ს GPU პროცესორების კონკურენტ პროდუქტ TPU-ზე, რომლის გამოყენებითაც იწვრთნებოდა Gemini 3. Google-ის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა აშშ-ის ომის დეპარტამენტის, იგივე პენტაგონის მიერ Google-თან პარტნიორობის გაფორმებამ, რაც მილიონობით თანამშრომლისთვის Gemini-ს ხელოვნური ინტელექტის მიწოდებას გულისხმობდა.

საპირისპირო მოცემულობა ჰქონდა Apple-ს, რომელმაც წლის განმავლობაში დაპირებული Apple Inteligence-ის გამოშვება ვერ შეძლო და არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, AI მიმართულებით ხელმძღვანელი დაკარგა. მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ საკუთარი ტექნოლოგიის განვითარებამდე კომპანია AI ჩეთბოტს Google-ის Gemini-ზე დააფუძნებდა. ამან Apple-ის პოზიციები Alphabet-თან შედარებით დამატებით შეასუსტა. საბოლოოდ, 2025 წელს განცდილმა წარუმატებლობებმა ტიმ კუკის მიერ მართული კომპანია ნელ-ნელა მიიყვანა აღნიშნულ პოზიციამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები