მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს KTW-ს შემოსავალი 105 მილიონ ლარამდე გაიზარდა

5f97eb1cb2d44
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 13:40
2832
საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, გაზრდილი საექსპორტო შემოსავლების დახმარებით, კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს პირველად 100 მილიონ ლარს გადააჭარბა და 105.2 მილიონი ლარი შეადგინა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ KTW-ს მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტო მიმართულებაზე არის გათვლილი. ცალკეული მიმართულებების მიხედვით კომპანიის შედეგები ასეთია:

● ამონაგები ექსპორტიდან - 93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 27.5%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო რეალიზაციიდან - 3.13 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საცალო რეალიზაციიდან - 3.16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5.7%;
● ამონაგები სასტუმრო, სარესტორნო და სხვა დაკავშირებული მომსახურებიდან - 3.88 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
● ამონაგები ხილის კონსერვების რეალიზაციიდან - 2.05 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 72%.

KTW-ს მოგება-ზარალის ანგარიშგების თანახმად, 2019 წელი კომპანიამ 22.6 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია ეკუთვნის, ჯგუფის 100%-იანი წილის მესაკუთრე კი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძეა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული საქონლის ჯამური თვითღირებულება 63.5 მილიონ ლარს შეადგენდა, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 8,3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 1.6 მილიონი ლარი უშუალოდ სახელფასო ანაზღაურებებს, 1.2 მილიონი კი, ვენახის მოვლის ხარჯებს შეადგენდა.

მმართველობით ანგარიშში “კახური ტრადიციული მეღვინეობა” საქართველოს ალკოჰოლური სასმელების სექტორის ფინანსურ მდგომარეობასაც მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტზე დამოკიდებული სექტორის ზომამ გასულ წელს $345 მილიონი დოლარი შეადგინა.

“2019 წელს საქართველოში ყურძნის წარმოება 10,6%-ით გაიზარდა 271 ათას ტონამდე.  KTW-მ მოსავლის 8,85% შეისყიდა, ხოლო დანარჩენი მოცულობა კონკურენტებმა სრულად აითვისეს. მთავრობა წლების განმავლობაში ახდენდა რთველის სუბსიდირებას. ექსპორტისა და შესაბამისად სექტორის შემოსავლების ზრდასთან ერთად სახელმწიფომ დასაწყისში შეამცირა, ხოლო 2018 წელს გააუქმა სუბსიდირება. მიუხედავად სახელმწიფოს ნულოვანი სუბსიდირებისა, ყურძნის მწარმოებლების შემოსავალი მთლიანად საქართველოს მასშტაბით შეადგინა 300 მლნ ლარზე მეტი.

KTW ყურძენს საშუალოზე 11%-ით იაფად ყიდულობდა 2015-19 წლებში, თუმცა 2019 წელს ყურძნის საბაზრო ფასის მკვეთრი ზრდის შედეგად, KTW-ს ყურძნის შესყიდვის ხარჯები 2.6-ჯერ აღემატებოდა 2015 წლის ხარჯს. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჯგუფის საერთო მოგების მარჟაზე, რომელიც 39,6%-მდე შემცირდა 2019 წელს (2015 წელს 60.1%-ი იყო). აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე KTW ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ვენახების გაშენებისა, რაც შეამცირებს ჯგუფის დამოკიდებულებას ყურძნის ფასზე. 2019 წელს KTW ჯგუფმა უკვე აქტიურად დაიწყო კახეთის რეგიონში საკუთარი ვენახებეის გაშენების სამუშაოები", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ჯგუფმა სესხის სახით 60.1 მილიონი ლარი აიღო, რაც ძირითადი საშუალებების და აქტივების შეძენას მოხმარდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია COVID-19-ის მოსალოდნელ ეფექტზეც, ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ვირუსის შესაძლო ეფექტი შეიძლება იყოს შემდეგი:

-“სავაჭრო მოთხოვნების გაუფასურების ზრდა კონტრაგენტების გადახდისუნარიანობის გაუარესების გამო.
- მარაგების გაუფასურების ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წმინდა გასაყიდი ფასის შემცირებით და მარაგების ბრუნვადობის პერიოდის ზრდით.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები