მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წელთან შედარებით ეკონომიკის 21%-ით ზრდა, რთულად წარმოსადგენი იყო - TBC Capital

60ba5daa358ba
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 23:40
1093
“თიბისი” ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარია გადაცემა "ანალიტიკასთან" საუბარში ამბობს, რომ 2019 წელთან მიმართებით ეკონომიკის 21%-იანი ზრდის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება რთულად წარმოსადგენი იყო.

მისი თქმით, თუკი აქამდე წელს 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდნენ, აპრილში არსებული რეკორდულად მაღალი - 44.8%-იანი ზრდის გათვალისწინებით, საკუთარ პროგნოზს გადახედავენ და მას 6%-დან 7%-მდე ნიშნულზე განსაზღვრავენ.

ამასთან, ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ანგარიშს წარმოადგენს და ჯერჯერობით უცნობია თუ უშუალოდ ეკონომიკის რომელმა სექტორებმა განაპირობეს ზრდის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი.

“2021 წლის ზრდაზე ჩვენ ბოლო პროგნოზი 5.5% გვქონდა. ეს მაჩვენებელი ახლა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. წელს ეკონომიკის ზრდა აუცილებლად 6%-7%-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ საბაზე ეფექტი მაღალი იყო, 2019 წლის დონეს ჩვენ დაახლოებით 21%-ით გადავაჭარბეთ რეალურ გამოხატულებაში. ეს რთულად წარმოსადგენი იყო.

ჩვენი პირველადი პროგნოზი, რაც 5.5% იყო, ის 2019 წლის მშპ-ის დონეზე გადაჭარბებას ითვალისწინებდა. დღეს არის ვითარება, როდესაც 2019 წელთან შედარებით ტურიზმი ნაკლებია, მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით გაზრდილია ექსპორტი და ფულადი გზავნილები. გაზრდილია შიდა მოთხოვნა როგორც ფისკალური სტიმულის, ასევე საბანკო დაკრედიტების ხარჯზე. გადაჭარბება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოლოდინი იყო, თუმცა მემგონი უმჯობესია თუ ამაზე უფრო შორს არ წავალთ, ვინაიდან ეს კვლავ წინასწარი მონაცემებია, რომელიც დაზუსტდება საქსტატის მიერ. მე არ ვგულისხმობ რომ მისი გადახედვა მოხდება, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია სექტორების დონეზე და ასევე ფასების დონეზე,”- ამბობს ოთარ ნადარაია.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას მოახდნენ - კერძოდ კი შეცვლიან მის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და სამიზნე ზრდად 4.3%-ის ნაცვლად 6.5%-ს განსაზღვრავენ. ასევე შეიცვლება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელიც და ის 7.9%-დან 7.1%-მდე ჩამოვა. ჯერჯერობით უცნობია როგორ შეიცვლება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხაჯვითი ნაწილი. თუმცა, სავარაუდოდ ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა საგადასახადო შემოსავლების ზრდაზეც აისახება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები