Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ფიქრობს, რომ თუ 2022 წელს პანდემია დასრულდა ავიაცია 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წელს დაუბრუნდება.
“საავიაციო ბაზარზე ჯერჯერობით ძალიან პოზიტიური მოლოდინი არსებობს. იმედი გვაქვს, რომ გარდამტეხი წელი იქნება და წლის ბოლოს პანდემია დასრულდება. თუ წლის ბოლოს პანდემია დასრულდა ან ისეთი მძიმე არ იყო როგორც 2020 ან 2021 წლები, 2023 წლიდან ავიაციის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება. ჩემი აზრით, ძალიან მალე იქნება შესაძლებელი 2019 წლის მონაცემებთან დაბრუნება, ეს შესაძლოა 2024 წელს მოხდეს. ეპიდსიტუაციის გარდა, ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს საწვავის ფასია. ის ავიაკომპანიისთვის ყველაზე დიდი ოპერატირული ხარჯია და მთლიან ხარჯებში 35-40% უკავია. მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ავიაკომპანიაზე ვსაუბრობთ. გასულ წელს საავიაციო საწვავის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ეს ბილეთის ფასზე რა თქმა უნდა, აისახება”,-აცხადებს აფციაური.
მისივე თქმით, ზოგიერთი მსხვილი კომპანია ფასის ზრდას აზღვევს. კერძოდ, წინასწარ ურიგდება გარკვეულ მოცულობაზე კომპანიას, შესაბამისად, მათ შეეძლებათ ფასები შეინარჩუნონ გარკვეული პერიოდით. მცირე კომპანიებს კი გაუჭირდებათ გაძვირებული საწვავის პირობებში ფასის შენარჩუნება.
“სამწუხაროდ, ბილეთის ფასის ზრდის მოლოდინი არის 2022 წლიდან, რადგან ნავთობის ფასი იწევს. ჩემი პროგნოზით, წელს ფასი 10-15%-ით მოიმატებს. რაც სამწუხაროდ ბილეთის ფასშიც აისახება. ვიმეორებ, თუ კომპანია მსხვილია, მოქნილი და შეუძლია სხვა ოპერატიული ხარჯების შემცირება, შეეცდება ფასი არ აწიოს. ისედაც რთული სიტუაცია და ცდილობენ ფასი არ გააძვირონ და იგივე დონეზე დატოვონ, თუმცა ეს შეუძლიათ მსხვილ და მოქნილ ბიუჯეტურ კომპანიებს”,-ამბობს აფციაური.




























