ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოებს ჯერ აუდიტორული დასკვნები არ წარუდგენია, თუმცა მოსალოდნელია, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ზარალიანები იქნებიან. განცხადება კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტში გააკეთა, სადაც ის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შესრულების ანგარიშით წარსდგა.
კაკაურიძის თქმით, საწარმოების ანგარიში ბიუჯეტთან ერთად არასოდეს კეთდებოდა, თუმცა მთავრობას მონახაზი აქვს და სურს, ეს პრაქტიკა შეცვალოს.
„გვინდა, რომ საწარმოები, რომლებიც კორპორაციები არ არიან და ბიუჯეტიდან სრულად დამოუკიდებელი არ არიან, მათი ანგარიშები ეტაპობრივად მოვიცვათ, თუმცა მსგავსი რამ ახლა არ ხდება. 2020 წელი სახელმწიფო საწარმოებისთვის მძიმე იყო, გასულ წელს ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია, აუდიტორული დასკვნები არ გვაქვს, თუმცა 6 თვის ჭრილში ექნებათ წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში და გავაანალიზებთ მას, თუმცა მოსალოდნელია, რომ საწარმოების უმეტეს შემთხვევაში იქნება ზარალები და მთლიანი მონაცემები, ჯამური სახელმწიფო საწარმოების ალბათ უარყოფითი იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციისთვის, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2019 წელს, ჯამში, 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, 2018 წელს კი, მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო საწარმოების უმეტესობას 2020 წლის ფინანსური შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა რკინიგზის ანგარიშის თანახმად ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს კომპანიამ 164 მილიონი ლარით იზარალა.




























