მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო საწარმოების მხრიდან 2023 წლის ჭრილში დიდ მოგებას ელიან

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო საწარმოების მხრიდან 2023 წლის ჭრილში დიდ მოგებას ელიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა მოლოდინი პოზიტიურია. გიორგი კაკაურიძე განსაკუთრებით რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დადებით დინამიკას აღნიშნავს.

"სახელმწიფო საწარმოებისთვის 2022 წელი ძალიან კარგად დასრულდა, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოსთვის მოგებიანი წელი იყო. ჯამში 1 მლრდ ლარამდე იყო მათი მოგება. ჩვენი ინტერესია კორპორაციები, რომელიც არ არიან ბიუჯეტის დაფინანსებაზე და გარკვეულწილად მათი საქმიანობა ეკონომიკის ხელშემწყობი უნდა იყოს. მათ საქმიანობის დინამიკას როცა ვუყურებდით, 2023 წელსაც, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგებით დაასრულებენ და ექნებათ საკმაოდ დიდი მოგება. ზუსტი ციფრების დასახელება ჯერ რთულია, რადგან აუდიტირებული ანგარიშები არ გვაქვს. თუმცა, გვგონია, რომ ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვექნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სხვა დიდი საწარმოები.

აღსანიშნავია ისიც, რომ დივიდენდის გადახდა დაფიქსირდა და ეს ფაქტი ბოლო 10 წელია არ ყოფილა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 50 მლნ-ის დივიდენდი გადაიხადა და ეს თანხა უკვე ბიუჯეტშია", - განაცხადა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს სახელმწიფო საწარმოები 1 მილიარდ 356 მილიონი ლარის ჯამურ მოგებაზე გავიდნენ.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია ნათქვამი, წმინდა მოგების 86%-ზე მეტი კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებაზე მოდის. შესაბამისად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოების ბოლო 2 წლის მოგება მდგრადი არაა და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა, ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით კვლავ შეიცვალოს.

რაც შეეხება 2022 წლის კონკრეტულ შედეგებს, 109 მლნ ლარის მოგებით დახურა 2022 წელი „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“. „საქართველოს რკინიგზის“ წმინდა მოგებამ 397 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანიებში კორპორაციული მართვის პრინციპები უნდა დაინერგოს, ასევე საწარმოებში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ე.წ. კვაზი-ფისკალური, ანუ არაკომერციული აქტივობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები