მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ფულის გათეთრების გამოვლენილი საქმეების რაოდენობა შემცირდა

62cfe1975e2c8
BM.GE
15.07.22 10:15
660
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (FMS) ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს უწყებამ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონის დარღვევის 84 შემთხვევა გამოავლინა. სამსახურის ანგარიშში განხილულია ის ძირითადი სამართალდარღვევების სახეები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული. ამ სამართალდარღვევებს შორისაა თაღლითური სქემები, როდესაც ქოლცენტრების მეშვეობით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანა და მათი კუთვნილი თანხების დაუფლება ხდება. 

მთლიანობაში 2021 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 730 საეჭვო ტრანზაქცია შეისწავლა. 

"2021 წელს ქოლ-ცენტრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ დიდი მოცულობის იყო. მსგავსი კომპანიები იქმნება, ძირითადად, საზღვარგარეთ მყოფ პოტენციურ მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად, რომლებსაც სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, ინვესტიციის განხორციელებას, ვალუტების კურსებზე და ბინარულ ოპციონებზე თამაშსა და ა.შ. თაღლითური მიზნისთვის შექმნილი ქოლ-ცენტრის შემთხვევაში მსხვერპლი ან საერთოდ ვერ იღებს წინასწარ შეთანხმებულ მომსახურებას ან იღებს გაცილებით დაბალი ხარისხის სერვისს (ე.წ. „Boiler Room Scam“) ან კარგავს იმ თანხას, რომლითაც ე.წ. ინვესტიცია განახორციელა.

როგორც ვვარაუდობდით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა გარკვეული პირების მიერ მომხმარებლისთვის სოციალური ქსელებით გზავნილების გაგზავნისა და რეკლამის განთავსების სახით სერვისების შეთავაზება. მსგავს შემთხვევებში, ანგარიშსწორების შემდეგ, მომხმარებელი მომსახურებას ვერ იღებს, ხოლო გადახდილი თანხას კი კარგავს. ისევე როგორც წინა წელს, ამ ტიპის დანაშაულის ხელშემწყობი პირობები, არ შეცვლილა,” - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობას, ის 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ერთით შემცირდა. უწყების თანახმად, გამოვლენილი დანაშაულების კლება ძირითადად პანდემიურ მდგომარეობას უკავშირდებოდა.  წლების მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ასეთია:

2017 წელი - 148 შემთხვევა;
2018 წელი - 137 შემთხვევა;
2019 წელი - 128 შემთხვევა;
2020 წელი - 85 შემთხვევა;
2021 წელი - 84 შემთხვევა.

დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ფულად ნაკადებთან დაკავშირებით სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომერციული ბანკები არიან, რომლებმაც გასულ წელს 556 საეჭვო ტრანზაქციაზე გააკეთეს შეტყობინება. მისო-ების მიერ 71 შეტყობინება, ხოლო სამორინეებისა და აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან კი 41 საეჭვო ტრანზაქციაზე იყო სამსახურში შეტყობინება შესული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები