სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2023 წლის ბიუჯეტის დასკვნაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საწარმოების მოგების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. რომ არა კურსთაშორისი სხვაობის ეფექტი, სახელმწიფო კომპანიები მოგების ნაცვლად, 123 მილიონი ლარის ზარალზე გავიდოდნენ.
“სახელმწიფო საწარმოების კუთხით დოკუმენტში განხილულია 147 საწარმოს ნაერთი ფინანსური მაჩვენებლები. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს საწარმოთა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 376 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთა შორის სხვაობით (515 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ კურსთაშორის სხვაობით მიღებული მოგება შინაარსობრივად არ წარმოადგენს საწარმოს საოპერაციო აქტივობებიდან გენერირებულ შემოსავალს. შესაბამისად, კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესახებ უკეთესს სურათს იძლევა მოგების მაჩვენებელი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გამორიცხვით ბოლო 7 წლის განმავლობაში საწარმოთა ნაერთი ფინანსური შედეგი დადებითი მხოლოდ 2019 წელს იყო, როდესაც მათმა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 122 მლნ ლარი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვის გარეშე მომგებიანობა მხოლოდ 2021 წელს დაფიქსირდა,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
განსხვავებულია ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ გაკეთებული განმარტება. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების მოგება გასულ წელს ქვეყანაში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.
“როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება, ის უმჯობესდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საწარმოებისთვის. შესაბამისად, ეს იმის ფაქტორია, რომ სახელმწიფო საწარმოები გასულ წელს მოგებაზე გავიდნენ და წელსაც საკმაოდ გაუმჯობესებული პარამეტრები აქვთ.
2020 წელი არამხოლოდ სახელმწიფო საწარმოებისთვის, კერძო კომპანიებისთვისაც იყო ზარალიანი და შესაბამისად, როდესაც ეკონომიკაში ვარდნაა, სახელმწიფო საწარმოებიც ბუნებრივად ამ მიმართულებით ვერ იქნებიან გამონაკლისი. ასევე ვალუტის კურსის ნაწილიც არის, თუმცა ესეც თავისი შინაარსით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არის კავშირში,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2021 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს რკინიგზა 2021 წელს ზარალის ნაცვლად 53-მილიონიან მოგებაზე გავიდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 137.6 მილიონი ლარი იყო, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოგება 235 მლნ, ესკოს მოგება 7 მლნ იყო, სახელმწიფო ფოსტის მოგება 32 მილიონს შეადგენდა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 25 მლნ ლარი იყო, ენგურჰესის მოგება 42 მლნ ლარი, წყალმომარაგების კომპანიის მოგება 37 მლნ, საქრუსენერგოს მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო. 173 მილიონიან ზარალზეა თბილისის სატრანსპორტო კომპანია.





























