ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიაც შევა, რომელიც რიგი მიმართულებებით მოიცავს დაფინანსების ზრდას. უცვლელია 2022 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, რაც კვლავ 6%-ით არის განსაზღვრული.
2021 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა.
"დღეს, 5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში შემოიტანს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის:
მიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს.
2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით.
დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე.
მთავრობის ვალი მშპ-ის 52.2 %-ია.
არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი.
მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას,"- წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
























