მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის საუკეთესო უნივერსიტეტები მსოფლიო მასშტაბით

604f9e6ab9e97
თათია კაკიაშვილი
16.03.21 00:30
6458

უნივერსიტეტების უახლესი გლობალური რეიტინგის მიხედვით, 2021 წლის წამყვან უნივერსიტეტებს შორის მთავარ წილს აზიის სასწავლო დაწესებულებები იკავებენ, თუმცა ამავე რეიტინგის ათეულში, ძირითადად, ამერიკული უნივერსიტეტები დომინირებენ. ტოპ-10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან ხუთი აშშ-შია, დარჩენილი ხუთეულიდან კი ოთხი - დიდ ბრიტანეთში, ხოლო ერთი - შვეიცარიაში მდებარეობს. მართალია, ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ ნიშს იკავებს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტიც.

რეიტინგი უმაღლესი განათლების 5 500 დაწესებულებიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ 1 029-ს ადგენს - სწორედ ათასზე მეტია იმ უნივერსიტეტების რიცხვი, სადაც უმაღლესი განათლების მიღება დღეს ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.

ბუნებრივია, ამ ფონზე კონკურენციაც ძალიან მაღალია და, შესაბამისად, უნივერსიტეტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ რეიტინგში დაკავებული პოზიციების შესანარჩუნებლად. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტების ნაწილი ლიდერობისთვის ძალას არ ზოგავს - ამ მხრივ, 2021 წელს ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები აზიის უნივერსიტეტებს აქვთ - კონტინენტის 26 დაწესებულება მსოფლიოს საუკეთესო ათას უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

საინტერესოა ის მეთოდოლოგიაც, რომლის მიხედვითაც თითოეული უნივერსიტეტის ადგილი განისაზღვრება. როგორც ირკვევა, ეს საზომებია: უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური პერსონალის რეპუტაცია; სტუდენტთა განათლების კოეფიციენტი საერთაშორისო დონეზე; ფაკულტეტების საერთაშორისო კოეფიციენტი, რომელიც კონკრეტული მიმართულებების პოპულარობას განსაზღვრავს; სტუდენტების და ფაკულტეტების თანაფარდობა და სხვა.

რაც შეეხება თავად უნივერსიტეტებს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ფაქტია, რომ MIT მეთოდოლოგიის ყველა საზომში უმაღლეს ქულებს აგროვებს. მას მეორე ადგილზე სტენფორდის უნივერსიტეტი მოსდევს, ხოლო ათეულში ჰარვარდის, კალტექის და ჩიკაგოს უნივერსიტეტები გვხვდება.

უმაღლესი განათლების კანადური დაწესებულებებიდან საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა ტორონტოს უნივერსიტეტი, რომელიც სიაში 25-ე ადგილზეა. რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, არგენტინაში არსებული ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი რეიტინგში 66-ე პოზიციას იკავებს, რომელსაც მექსიკის და სან-პაულოს უნივერსიტეტები მოსდევს, მე-100 და 115-ე ადგილებით.

აფრიკის ორი ტოპ-უმაღლესი განათლების დაწესებულება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს, თუმცა რეიტინგში ისინი ერთმანეთისგან შორს არიან. სიაში 220-ე ადგილზეა კეიპტაუნის უნივერსიტეტი, ხოლო 403-ზე - იოჰანესბურგის ინსტიტუტი.

რაც შეეხება ევროპას, კონტინენტის ტოპ-ხუთეულში შემავალი უნივერსიტეტებია: ოქსფორდის უნივერსიტეტი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

სამწუხარო კი ის არის, რომ 2021 წლის უნივერსიტეტების გლობალურ რეიტინგში ვერც ერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები