მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-2023 სასწავლო წლებში უცხოელმა სტუდენტებმა ქართულ სასწავლებლებში 260 მლნ ლარი გადაიხადეს

64118fd53154c
მარიამ ვარადაშვილი
15.03.23 13:56
899
2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა 14 მლნ ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ნათქვამია PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უცხოელი სტუდენტებისა და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დინამიკას ეხება.

კვლევის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3 508-იდან (27 ქვეყნიდან) 20 690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3% იყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ყოველწლიურად მოთხოვნა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ნაკლებად დივერსიფიცირებული ხდებოდა და ჩარიცხვები სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე იზრდებოდა, რაც ძირითადად ინდოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ამ პროგრამებზე სწავლობს.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც. კერძოდ, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. უცხოენოვან პროგრამებში მედიცინასთან კადავშირებული მიმართულება ლიდერობს.

2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, საშუალო გადასახადი 4 300 ლარიდან 9 400 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო გადასახადის წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 9% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გადასახადი გაიზარდა ლარში 2013-2021 წლებში, დოლარში გადასახადი არ გაზრდილა. ამრიგად, ლარში სწავლის გადასახადის ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ლარის გაუფასურებით. თუმცა 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლის საფასურის ზრდის ტემპმა დოლარში გადააჭარბა სწავლის საფასურის ზრდის ტემპს ლარში.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჯამური ოდენობა 14 მილიონი ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპმა კი 39% შეადგინა. სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობის ზრდა არ ყოფილა ისეთი შესამჩნევი დოლარში, როგორიც ლარში.

PMC-ის თანახმად, სწავლაში გადახდილი თანხის მოცულობის ზრდასთან ერთად მისი წილიც განათლების სექტორის მშპ-შიც სტაბილურად იზრდებოდა. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლისთვის წილი 1.1%-დან 7.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ, იმავე პერიოდში წილი 0.05%-დან 0.30%-მდე გაიზარდა.

“უცხოელი სტუდენტების მზარდ რაოდენობასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა მათი ფინანსური წვლილი ქართულ უმაღლეს განათლებაშიც. თუმცა გაზრდილი ინტერესი უფრო ჰომოგენური ხდება და სტუდენტების დიდი უმეტესობა ირჩევს სამედიცინო პროგრამებს. სამედიცინო სფეროს მიმართ გაჩენილმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები შექმნას მომავალში. ამის გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო სისტემამ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების მოსაზიდად, ასევე, მედიცინის გარდა სხვა აკადემიურ სფეროების მიმართაც უნდა გაზარდოს უცხოელი სტუდენტების ინტერესი”,-აცხადებენ PMC-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები