მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა საწვავის ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო - CREA

ექსპორტი

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია CREA-ის მიერ დაწყებული პროექტი “რუსეთის წიაღის მთვლელი” (Russia Fossil Tracker) რუსული ენერგიის ექსპორტის მონაცემებს 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, აგროვებს და ტენდენციებს აკვირდება.

ვებგვერდის თანახმად, პროექტის ფარგლებში CREA, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, რუსეთიდან საწვავის მილსადენებში დინებისა და ტრანსპორტირების მონაცემებს აანალიზებს.

მათი გამოთვლებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა წიაღისეული საწვავის გლობალური ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, საიდანაც 180 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს.

რუსული საწვავის ექსპორტის მთავარი წილი, 68%, ნავთობზე მოდის. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ნავთობპროდუქტების რეალიზებით ქვეყანამ 376 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო. ბუნებრივი აირის ექსპორტით კი რუსეთში მთელი მსოფლიოდან 121 მილიარდი ევრო, მთლიანი შემოსავლის 22%, შევიდა, ნახშირის ექსპორტით კი - 51,7 მილიარდი ევრო - 10%.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აქ რუსეთიდან 120,8 მილიარდი ევროს ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რამაც EU-დან შემოსავლების სრული წილის 56% შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 74,6 მილიარდი ევრო დაუჯდათ, ნახშირის იმპორტი კი 3,5 მილიარდი ევრო.

ევროკავშირში რუსული საწვავის იმპორტი სტაბილურად იკლებს და, ომამდელ მონაცემებთან შედარებით, განახევრებულია. მართალია, ბლოკი რუსეთისთვის უმსხვილესი იმპორტიორია, თუმცა EU-ს შედეგები მხოლოდ მცირედით აღემატება ჩინეთის მოცულობებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთში, ჩინეთში საწვავის ექსპორტით, 143,2 მილიარდი ევროს შემოსავალი შევიდა.

ევროკავშირსა და ჩინეთთან ერთად, უმსხვილესი იმპორტიორების TOP სამეულს ინდოეთი ხურავს, რომელმაც რუსულ საწვავში 64,7 მილიარდი ევრო გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები