2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის ნაცვამი ექვსი მაისური სოთბის სააუქციონო სახლმა გაყიდა. ექვსივე მაისური ჯამში 7,8 მილიონ დოლარად შეფასდა, რითაც მესის ყველაზე ძვირად გაყიდული, ხოლო საფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებული მეორე ყველაზე ძვირად გასხვისებული ნივთი გახდა ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ექვსივე მაისური მესის ტურნირის განმავლობაში ეცვა და ერთადერთი მაისური, რომელიც გასაყიდად ვერ გამოვიდა, ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშში ნაცვამი, გასვლითი მაისური იყო, რომელიც არგენტინელმა თამაშის დასრულების შემდეგ მეტოქე ფეხბურთელს გაუცვალა.
აქამდე მესის ნივთებს შორის ყველაზე ძვირად, 2017 წელს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ნაცვამი მაისური გაყიდულა, რომელიც 450 ათას დოლარად შეფასდა.
ფეხბურთში გაყიდულ ნივთებს შორის რეკორდი ლეგენდარულ დიეგო მარადონას ეკუთვნის, რომლის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისის წინააღმდეგ ნაცვამი მაისური 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, ეს ის მატჩია, რომელშიც ლეგენდარულმა არგენტინელმა “ღმერთის ხელად” და “საუკუნის გოლად” შეფასებული ბურთები გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად სპორტულ თემატიკასთან დაკავშირებით ყველაზე ძვირად გასხვისებული ნივთი მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის ფინალში ნაცვამი “ჩიკაგო ბულსის” მაისურია, რომელიც 10,1 მილიონ დოლარად გასხვისდა.