მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 14%-ით გაიზარდა - მინისტრი

6440f8ba71a86
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 12:34
574
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა უწყების 2022 წლის ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ქვეყანაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მიზნობრივ პროგრამები და პროექტები ხორციელდება. ეს როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე სისტემური პროგრამების განხორციელების გზით სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას გულისხმობს. ოთარ შამუგიამ ისიც აღნიშნა, რომ 5 წლის განმავლობაში სამინისტროს ასიგნებები 150%-ით გაიზარდა, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები გააჩინა.

„2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%- ით გაიზარდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 96%-ით არის გაზრდილია და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით ზრდა 13%-ია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის მაჩვენებლებიც შეაფასა. მისი თქმით, ექსპორტის ზრდის დინამიკა სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგია და 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე რეკორდული 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების აგროპროდუქტი გავიდა.

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია, ბოლო 10 წელიწადში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია (34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს - 10.5%-ით). ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გვაქვს 2023 წელს, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროოსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უწყების საქმიანობა სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებს, მათ შორის, აღსანიშნავია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.) ეფუძნება, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები