„არტ იტალი ჯგუფმა“, რომელიც ჰორეკა, სამოდელო და დიზაინ-არქიტექტურის მიმართულებით, ბათუმში 12 კომპანიას აერთიანებს, 2022 წელი მაღალი ბრუნვითა და მოგებით დაასრულა. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა ქანდაურაშვილი BMGTV-თან საუბრისას ამბობს, ჰორეკა სექტორიდან ქვეყნის ბიუჯეტში 1.5 მილიონი ლარი შეიტანეს.
„კვების მიმართულებით ჩვენ ვეცადეთ, რომ ბათუმში სხვადასხვა სფერო გაგვეერთიანებინა, როგორიცაა სთრით ფუდი, იტალიური სამზარეულო, ქართული სამზარეულო, ბრაზილიური და იაპონური სუში, სასმელები და ა.შ. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვქონოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველა გემოვნების მომხმარებელზე იქნებოდა მორგებული და ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა კიდევაც.
ჩვენს ბიზნესს ყოველწლიურად 100%-იანი მატება აქვს, ყველა რესტორანი ერთად დღიურად 2 000 ადამიანს ემსახურება, ეს ჩეკების საშუალებით ითვლება. დღიურად 700-750 ჩეკი გვაქვს. ზაფხულში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოთხოვნაა და მომხმარებლების რაოდენობა 3 000-მდე იზრდება, ხშირად რიგებიცაა და მომსახურება საკმაოდ რთული ხდება.
2022 წელი მაღალი ბრუნვით და მოგებით დავასრულეთ, ჰორეკა სექტორიდან კი ქვეყნის ბიუჯეტში 1.5 მილიონი ლარი შევიტანეთ", - განაცხადა პაატა ქანდაურაშვილმა.
„არტ იტალი ჯგუფმა“ ოპერირება 2019 წელს დაიწყო. 2020 წელს, ჯერ კიდევ სტარტაპისთვის თიბისი ბანკმა 15 მილიონი ლარის ოდენობის თანადაფინანსება უზრუნველყო.
ამ ეტაპზე „არტ იტალი ჯგუფის“ 12-ვე კომპანიაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.




























