გლობალური მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ზრდა ცხადყოფს, რომ 2023 წელი რეკორდულად ცხელი იქნება. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვისების ცენტრის თანახმად, გასული თვე გლობალურად ყველაზე თბილი ოქტომბერი იყო, საშუალო ტემპერატურა კი 15.3 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, რაც 0.85 გრადუსით აღემატება 1991-2020 წლის ოქტომბრის საშუალო ტემპერატურას.
მონაცემები, რომლებიც სატელიტების, საზღვაო თუ საჰაერო ხომალდებისა და ამინდის სადგურების მიერ არის შეგროვებული, აჩვენებს, რომ საშუალო წლიური ტემპერატურა რეკორდულ მაქსიმუმზეა და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 2016 წლის მონაცემებსაც გადაასწრებს, რომელიც ამჟამად ყველაზე ცხელ წლად ითვლება.
ექსტრემალური სიცხე კლიმატის კრიზისითაა გამოწვეული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც წიაღისეული საწვავის წვაა. კლიმატის მეცნიერები მიღწეულ შედეგებს “ჰოლივუდის ფილმის სცენარს” ადარებენ და გლობალური ტემპერატურის ზრდას სათბურის აირების ემისიების ზრდასა და ელ-ნინოს ფენომენს აბრალებენ.
“თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი რეკორდულად თბილი იქნება, რადგან საშუალო ტემპერატურა უკვე 1.43 გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს” - ამბობს EU-ის კლიმატის ცვლილების ცენტრის ხელმძღვანელი.
30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატის კონფერენცია გაიმართება, სადაც მსოფლიო ლიდერები დედამიწის ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუსიანი მაჩვენებლის შენარჩუნებაზე იმსჯელებენ.