სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება - ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული ცხელი ჰაერის მასების გამო ზოგიერთ ქვეყანაში ტემპერატურა სეზონურ საშუალოს 10 გრადუსით აღემატება და ზრდა კვლავ მოსალოდნელია. ცხელი ამინდის გამო ზოგიერთმა უწყებამ სპეციალური ზომები მიიღო - დაიხურა სკოლები და ზოგიერთი ტურისტული ატრაქცია - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს ამინდის იმ ექსტრემალური პირობებისა, რომლებიც ევროპას ზაფხულის მომდევნო თვეებში ელოდება.
საბერძნეთში პირველი თბური ტალღის შედეგად ტურისტებისთვის ათენის აკროპოლისის მონახულება აიკრძალა, დაიხურა სკოლებიც - უცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთში მაღალ ტემპერატურას მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი და ჰოლანდიელი ტურისტები. კრეტასა და პელოპონესის ნახევარკუნძულზე ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა და, 44.5-43.9 გრადუსს მიაღწია, შესაბამისად.
ყველაზე ხანგრძლივი თბური ტალღა საბერძნეთში გასულ წელს, ივლისში დაფიქსირდა და 16 დღეს გაგრძელდა - უპრეცედენტო სიცხის გამო აკროპოლისი მთელი ამ დროის განმავლობაში ტურისტებისთვის დახურული იყო. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურა საბერძნეთში უკვე სტაბილურდება და გასული წლის საშუალოს - 31-33 გრადუსს უბრუნდება.
თურქეთში გასულ კვირას ჰაერის ტემპერატურა 8-12 გრადუსით აღემატებოდა სეზონურ საშუალოს, რის გამოც დედაქალაქ სტამბოლში მაღალი ტემპერატურისადმი მოწყვლადი მოქალაქეებისთვის სპეციალური გაფრთხილება გავრცელდა - ექსპერტები მოხუცებს, ორსულებს და ბავშვებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მაღალ ტემპერატურას თურქეთში ტყის ხანძრებიც მოჰყვა, რომელსაც, 14 ივნისის მდგომარეობით, 7 სხვადასხვა პროვინციაში ებრძოდნენ - ხანძრის თითოეული კერა ამჟამად ლიკვიდირებულია, ჰაერის ტემპერატურა კი 30 გრადუსის ფარგლებს დაუბრუნდა.