ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბიზნესომბუდსმენმა 202 პირდაპირი და ონალაინშეხვედრა გამართა, აპარატში კი ბიზნესის მხრიდან 248 განაცხადი შევიდა. ბიზნესომბუდსმენის ანგარიში პარლამენტის ვებგვერდზე თებერვლის ბოლოს აიტვირთა.
2022 წლის ანგარიშსაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს ონლაინ თუ პირდაპირი შეხვედრების რიცხვი 96-ით შემცირდა, განაცხადების რაოდენობა კი 56-ით გაიზარდა.
გასული წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენს ყველაზე ხშირად ვაჭრობის სფეროდან მიმართავდნენ, განაცხადებით 38%-იც სწორედ ამ სექტორზე მოდის, მას მოსდევს მომსახურება 16%-ით, მშენებლობა - 11%-ით, მრეწველობა - 10%-ით, ჯანდაცვა და ფარმაცია - 6%-ით, სხვა სექტორები - 18%.
ამასთან გასულ წელს ბიზნესი ომბუდსმენს ძირითადად ფინანსთა სამინისტროსთან მედიაციისთვის მიმართავდა. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით ასეთია:
- ფინანსთა სამინისტრო - 34%;
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტები - 14%;
- ეკონომიკის სამინისტრო - 13%;
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - 12%;
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 4%;
- შრომის ინსპექცია - 3%;
- სხვა უწყებები - 20%.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 20 კანონპროექტი განიხილა.
ცნობისთვის, საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობას საფუძველი 2011 წელს ჩაეყარა, როდესაც საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა. იგი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქტიკაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ახორციელებდა. 2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც ინსტიტუტმა საქმიანობა ახალი სახელწოდებით განაგრძო.
ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.
დღეისთვის საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას ოთარ დანელია იკავებს, რომელიც ბიზნესის ინტერესებს 2021 წლის შემდეგ იცავს. მან ამ პოსტზე მიხეილ დაუშვილი ჩაანაცვლა.