მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს, EU-ში თავშესაფარი 24 375-მა ქართველმა მოითხოვა, არალეგალურად მყოფთა რაოდენობა კი გაიზარდა - ანგარიში

EU Asylum

საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც გასულ წელს ევროკავშირში საერთაშორისო დაცვა და თავშესაფარი მოითხოვეს, 24 375-ია. ამაზე ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ მომზადებულ მეშვიდე ანგარიშშია აღნიშნული.

მაჩვენებელი წლიურად 8%-ით არის შემცირებული, ვინაიდან 2022 წელს EU-ში თავშესაფარი საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ მოითხოვა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 680 მოქალაქეს ეთქვა, რაც 2022 წელთან შედარებით, 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრის უკანონო კვეთის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წელთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ევროკავშირში უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევი, ანუ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 12%-ით, 24 595-მდე გაიზარდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის შემდგომი გათანაბრების მიმართულებით და პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. ევროკომისია ელის საქართველოსგან პროგრესს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოსაყვანად.

ცნობისთვის, ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. EU-ს რეკომენდაციით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეთ, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაა საჭირო.

16-17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომებია დაგეგმილი, სადაც ბლოკის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები