მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის? - რეკომენდაციები

შენგენი

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის მომზადდა და მეშვიდე ანგარიშია ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.

როგორც ევროკავშირის 6 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტშია განმარტებული, იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კომპონენტი და თავიდან აირიდოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, ქვეყანამ დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიიღოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

რეკომენდაციებს შორისაა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, "რუსული" და ანტი ლგბტ კანონების გაუქმებაც.

EU-ს რეკომენდაციით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეთ, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაა საჭირო:

"1. უზრუნველყავით და დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებები, ასევე დისკრიმინაციის შეზღუდვა;

2. აირიდეთ და გააუქმეთ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება ზღუდავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებიან ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებს და უგულებელყოფენ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კონკრეტულად, გაიწვიეთ კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, გადააკეთეთ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ ადამიანების უფლებათა სრული დაცვა.

3. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანეთ ევროკავშირში სავიზო რეჟიმის მქონე მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არარეგულარულ მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკებს აჩენენ.

4. აამოქმედეთ ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა და დარღვევებით დამრჩენთა წინააღმდეგ, ჩაატარეთ საინფორმაციო კამპანიები უვიზო რეჟიმის შესახებ და გაამკაცრეთ სასაზღვრო კონტროლი.

5. შექმენით აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისები და განაგრძეთ ძალისხმევის ჩადება აქტივების მიკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განადგურებისთვის.

6. მიიღეთ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დარწმუნდით რომ იარსებებს სტრატეგიის განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, გასამართლებასა და განხილვას.

7. შეიტანეთ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კერძოდ კი მათ, რომლებიც დაკავშირებულია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და ფუნქციებთან", - წერია ანგარიშში.

16-17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომებია დაგეგმილი, სადაც ბლოკის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები