15 თებერვალს Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მასშტაბური კონფლიქტების პარალელურად, გლობალური დემოკრატიის ტენდენციებია განხილული.
ყოველწლიური ინდექსი, რომელიც გლობალური დემოკრატიის მიმოხილვას წარმოადგენს, გასულ წელს, 2022-თან შედარებით, შემცირდა - გლობალურმა დემოკრატიამ ინდექსით 5.23 ქულა მოიპოვა (2022 წელს ის 5.29 ქულით იყო შეფასებული). შეფასებაზე განსაკუთრებული გავლენა, რა თქმა უნდა, გაზრდილმა საომარმა კონფლიქტებმა მოახდინეს.
EIU-ს გამოთვლებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45.4% გარკვეული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრობს, თუმცა მათი მხოლოდ 7.8% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც “სრულყოფილი დემოკრატიაა” და ინდექსით 8 ქულაზე მეტით არის შეფასებული. გარდა ამისა, დედამიწის მოსახლეობის ⅓-ზე მეტი ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრობს.
უფრო კონკრეტულად, ინდექსის შეფასებით, მსოფლიოში დემოკრატია სულ 74 ქვეყანაშია, საიდანაც 24-ში სრული, ხოლო 50-ში წუნდებული დემოკრატიებია. 34 ქვეყანაში, გამოცემის შეფასებით, ჰიბრიდული რეჟიმია დამყარებული, 59 ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშაა.
2023 წელს დადებითი შედეგები აჩვენეს პარაგვაიმ და პაპუა-ახალმა გვინეამ, რომლებიც “ჰიბრიდული რეჟიმიდან” “წუნდებულ დემოკრატიებად” იქცნენ. ამასთანავე, საბერძნეთი “სრულად დემოკრატიულ” ქვეყნად გამოცხადდა.
2023 წელს მხოლოდ 32-მა ქვეყანამ ინდექსის გაუმჯობესება შეძლო, ხოლო 68 ქვეყანამ ქულის შემცირება დააფიქსირა, 67 ქვეყნის შეფასება არ შეცვლილა.
EIU ქვეყნების დემოკრატიებს 5 კრიტერიუმით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.
2023 წელს დემოკრატიის ინდექსში ყველაზე მაღალი ქულებით შეფასდნენ:
- ნორვეგია - 9.81
- ახალი ზელანდია - 9.61
- ისლანდია - 9.45
- შვედეთი - 9.39
- ფინეთი - 9.30
- დანია - 9.28
- ირლანდია - 9.19
- შვეიცარია - 9.14
- ნიდერლანდები - 9.00
- ტაივანი - 8.92