მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის ხარისხი ქვეყნების მიხედვით - როგორია საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი?

644e28b0c82bf
მარიამ იზორია
01.05.23 23:55
1435
Economist Intelligence Unit-ის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8% ცხოვრობს რეალურ, ფუნქციონირებად დემოკრატიაში. მოსახლეობის 37% კი ე.წ „გაუმართავ დემოკრატიაში“ ცხოვრობს. ამასთანავე, EIU დემოკრატიის ინდექსის ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, 55% საერთოდ არ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიაა.

Economist Intelligence Unit დემოკრატიას ხუთ ძირითად კატეგორიაში, 60 ინდიკატორის გათვალისწინებით ზომავს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ჩართულობა, მთავრობის ფუნქციონირება, სამოქალაქო თავისუფლება. დემოკრატიის საშუალო ქულა სწორედ ამ ხუთი კატეგორიის გათვალისწინებით გამოყვანილი საშუალო მაჩვენებელია.

Economist Intelligence Unit კონტინენტების მიხედვით ყველაზე დემოკრატიულ და არა დემოკრატიული ქვეყნების ჩამონათვალს გვაცნობს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, გასულ წელს დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მაღალი ზრდა ჩილეს ჰქონდა. 2022 წელს ქვეყნის დემოკრატიის ქულა 0.3-ით გაიზარდა და ჯამში 8.22 შეადგინა. ქვეყანა გასულ წლამდე გაუმართავი დემოკრატიის კატეგორიაში იყო, 2022 წელს კი ჩილეს სრულად დემოკრატიულ ქვეყნად გადაწყობა საკონსტიტუციო რეფორმებმა განაპირობა, რომელიც პრეზიდენტ გაბრიელ ბორიჩის პოლიტიკურ ხედვებს უკავშირდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოლიტიკურმა კურსმა ჩილეში პოლარიზაციის რისკები შეამცირა.

სამხრეთ და ჩრდილეთ ამერიკის კონტინენტების მასშტაბით მხოლოდ სამ ქვეყანაშია სრული დემოკრატია. ესენია ურუგვაი - 8.91 ქულით, კანადა - 8.88 ქულით, და კოსტა რიკა - 8.29 ქულით.

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის სამი სწორედ ამ ორ კონტინენტზე მდებარეობს, ლათინურ ამერიკაშია ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებიც. ასეთებს შორის არის ელ სალვადორი - დაახლოებით 5 ქულით და ჰაიტი - 2.81 ქულით. ასეთი სუსტი დემოკრატია ქვეყნებში დანაშაულის მაღალ დონესთან და კორუმპირებულ მმართველობასთან არის დაკავშირებული.

ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში მდებარე ვენესუელაა, სადაც დემოკრატიის ინდექსი მხოლოდ და მხოლოდ 2.23 ქულით განისაზღვრა.

აფრიკის ქვეყნებში საკმაოდ დაბალი დემოკრატიის ხარისხია. აფრიკის ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სრული დემოკრატიაა - პატარა კუნძულოვანი ქვეყანა მავრიკია, 8.14 ქულით. მთლიანობაში კი აფრიკაში, 54 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთია დემოკრატიის რეიტინგში.

საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ტუნისის დემოკრატიას. აქ ქულა 2022 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. გასული წლის დასაწყისში პრეზიდენტმა კაის საიდმა პარლამენტი დაითხოვა და საარჩევნო კომისიაზე კონტროლი სრულად აიღო. ამის გამო, ქვეყანა გაუმართავი დემოკრატიის კატეგორიიდან, ჰიბრიდულ დემოკრატიაში გადავიდა.

რაც შეეხება ევროპას, ის საკმაოდ ბევრ, ისეთ ქვეყანას აერთიანებს, სადაც დემოკრატიის ნამდვილად მაღალი ხარისხია. მაგალითად, ევროპაში ყველაზე მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყანა ნორვეგიაა, რომელმაც 9.81 ქულა მოიპოვა.

ესპანეთმა და საფრანგეთმა სრულად დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი 2022 წელს დაიბრუნეს. ამ ქვეყნებში სამოქალაქო თავისუფლებისა და სახელმწიფო მმართველობის კატეგორიებში იყო გაუმჯობესება, რაც COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებით შეიძლება აიხსნას. სრულად დემოკრატიული ქვეყნების სტატუსის დაბრუნების მიუხედავად, ორივე ქვეყანა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დგას.

ევროპაში ყველაზე დაბალი დემოკრატიული ქულა რუსეთსა და ბელარუსში ფიქსირდება. რუსეთში დემოკრატია 2.28 ქულით არის შეფასებული, ბელარუსში კი 1.99 ქულით. რუსეთმა უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო სამართალი და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი დაარღვია, რის გამოც მისი ქულა ინდექსში 0.96-ით შემცირდა.
რაც შეეხება ბელორუსს, ქვეყანა ნებას რთავს რუსეთს მისი ჯარები, რაკეტები თუ სხვა საბრძოლო ტექნიკა, უკრაინაში სწორედ მათი საზღვრებიდან შევიდეს, ეს კი დემოკრატიული სახელმწიფოს ქმედებას ნამდვილად არ შეესაბამება.

ევროპის ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს საქართველო. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ინდექსში შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ქულით ფასდება. საქართველოში დემოკრატიის დონე 5.2 ქულას შეადგენს. ჩვენ, დემოკრატიის დონით ვუსწრებთ მეზობელ რუსეთსა და თურქეთს, რომელსაც ინდექსში 4.35 ქულა აქვს.

აზიის ქვეყნების დემოკრატიას საკმაოდ დიდი ზარალი პანდემიამ მიაყენა. სწორედ პანდემიის გამო, აზიური ქვეყნები დემოკრატიის ინდექსში ჩამოქვეითდნენ. დემოკრატიის დონე მაღალია ტაივანში, კერძოდ ქვეყანაში 8.99 ქულას შეადგენს. ასევე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში. თუმცა აქ შევხვდებით ისეთი დაბალი ქულის ქვეყნებსაც, როგორიც არის მიანმარი, 0.74 ქულით, ჩრდილოეთ კორეა 1 ქულით და 1.77 ქულით შეფასებული ლაოსიც.

რაც შეეხება, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას აქ შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რადგან ახლო აღმოსავლეთით მდებარე არც ერთ ქვეყანას არ აქვს სრული დემოკრატია. ამასთან, აქ მდებარეობას მსოფლიოში ყველაზე დაბალი დემოკრატიის მქონე ქვეყანა ავღანეთი, რომელიც 0.32 ქულით ფასდება.

ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიაა, თუმცა ისიც არა სრული, ისრაელია. ისრაელი მსოფლიო რეიტინგში ფაქტობრივად 6 პუნქტით ჩამოქვეითდა. ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო ისრაელის ჩამოქვეითება ბუნებრივია. მმართველი ნაციონალისტური პარტიის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა მოსახლეობის ძლიერ პროტესტს იწვევს. პროტესტი კი ახლაც გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები