მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წელს ისე შეიცვალა პრიორიტეტი ევროპიდან აზიისკენ, არავითარი დასაბუთება არ მოჰყოლია - ტურიზმის ანალიტიკოსი

ია თაბაგარი

ტურიზმის ადმინისტრაცია დიდ დროს ხარჯავს ლამაზ პრეზენტაციებზე, მაგრამ რეალური შედეგი არ დგება - ასე მიმართა ტურიზმის ანალიტიკოსმა და ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა, ია თაბაგარმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაია ომიაძეს.

ცნობისთვის, დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა - "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები".

ია თაბაგარმა კომუნიკაციის პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეკონომიკის მინისტრს 6 თვის წინ შეხვდნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, არ ყოფილა არც უკუკავშირი.

"დიახ, თქვენც ბევრ დროს ხარჯავთ. ყოველთვის ლამაზი პრეზენტაციებით გამოდიხართ, მაგრამ რეალურად, მოდით, საქმიანად ვისაუბროთ შედეგებით. ჩვენ, ამ დრომდე არ გვაქვს საქართველოში მაღალი დონის კურორტი არადა, ყველამ ვიცით, თუ რამდენი დრო, ენერგია და ფული დაიხარჯა ამ ყველაფერზე და ამაზე, პასუხს არავინ აგებს.

ასევე, ტურიზმის კანონი, რომელიც ვიტყოდი, რომ ამ დომდე ვერ შეიმუშავა სახელმწიფომ, პარლამენტმა, თუ მთლიანად სექტორმა, რაშიც ადმინისტრაცია დიდწილად იყო ჩართული. ზაფხულის თვეებში ვისხედით და სრულიად უანგაროდ ვკითხულობდით და ვმუშაობდით ამ კანონზე, ვცდილობდით, რაღაც ფორმა მიგვეცა ისეთი, რომ ბიზნესი ყოფილიყო დაცული. მე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან დიდი ნაპრალი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო არ აღიარებს, რომ ტურიზმი ბიზნესია. ჩვენ როცა ივლისში შევხვდით მინისტრს, სხვანაირი საუბარი იყო. 6 თვე გავიდა და არც ერთი დანაპირები არ არის არათუ შესრულებული, არამედ არც დაუბრუნდა ამ საკითხს. არც ერთხელ არ უკითხავს, რა ხდება ტურიზმის ბიზნესში.

25 წელზე მეტია აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი და 2023 წლის სექტემბრიდან დაწყებული უცებ ისე, რომ არავის არაფერს უთანხმებთ და არც აზრს ეკითხებით, გადავხტით აზიაზე. ამას არ მოჰყოლია არანაირი დასაბუთებული განმარტება.

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ საქართველო მისი მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ამაზე რეაგირება არანაირად არ არის. ადრეც ყოფილა საქართველოს ისტორიაში მსგავსი განცხადებები კონკრეტული ქვეყნებისგან, მაგრამ მაშინ, ტურიზმის ადმინისტრაცია და კერძო სექტორი ერთად მივმართავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ის ყოფილიყო შუამავალი, სწორი გზავნილებისთვის. დღეს კი, არ კეთდება საერთოდ არაფერი", - განაცხადა ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები