2023 წელს, საქართველოში შიდა ტურიზმში ვიზიტორების რაოდენობა 6.2%-ით, ვიზიტების რაოდენობა კი, 17.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების
საშუალო თვიური რაოდენობა 1 278 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე
განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599 ათასი ერთეული შეადგინა.
2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 693.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა
განისაზღვრა 278 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით მეტია გასული
წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 4.7
პროცენტით და 173.8 ლარს უტოლდება.
რაც შეეხება ვიზიტის მიზეზებს:
- 2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა (47.2 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით;
- შოპინგი - 17.1%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 11%;
- მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.) - 9.6%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 8.2%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 2.6%.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 368.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტი თვეში).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6% თბილისის მაცხოვრებელია, 16.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 2023 წელს ვიზიტორების 36.6% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. 15-30 წლის ასაკის კატეგორიას 23.1%, 51.70 წლის ასაკის კატეგორიას 32.1%, ხოლო 71+ 8.2%. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.5 პროცენტს შეადგენდა.