საქართველოში შოკოლადის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წელს რეკორდული $88.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $11 მილიონით, ანუ 14%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა ქვეყანაში $77.8 მილიონის ღირებულების 21,300 ტონა შოკოლადი შემოვიდა. საინტერესოა, რომ იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება - 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში შოკოლადის იმპორტმა ღირებულებით 67%-ით იმატა, მაგრამ 10-წლიან ჭრილში, ზრდა 44%-ია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში შოკოლადის იმპორტის დინამიკა მზარდია, მაგრამ ტენდენცია - არაერთგვაროვანია. 2009-2013 წლებში, მაგალითად, შოკოლადის იმპორტის ღირებულება მდგრადად იზრდებოდა და 2013 წელს იმ დროს რეკორდულ $61.5 მილიონს გადააჭარბა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შოკოლადის იმპორტმა 17%-ით იკლო, მაგრამ 2018 წლიდან, პანდემიურ 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, კვლავაც ზრდის დინამიკა ფიქსირდება.
2023 წელს, საქართველოში შოკოლადი 50 ქვეყნიდან შემოვიდა, მაგრამ სულ მცირე $1-მილიონიანი იმპორტი ცამეტი ქვეყნიდან ფიქსირდება, ესენია: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია, გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და შვეიცარია.
ამ რეიტინგში რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, სადაც შოკოლადის ნაწარმის არაერთი ქარხანა მდებარეობს - ამ სახელმწიფოდან, გასულ წელს, $29.2 მილიონის შოკოლადი შემოვიდა, რამაც ჯამური იმპორტის თითქმის 33% შეადგინა. მნიშვნელოვანი დოზით, შოკოლადი შემოდის უკრაინიდანაც, რომელზედაც ჯამური იმპორტის 13.4% მოდის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ იმპორტთან ერთად, საქართველოდან შოკოლადის ექსპორტიც ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია. 2023 წელს, საქართველოდან $8.2 მილიონის შოკოლადი გავიდა ექსპორტზე, რომლის 85% - რეექსპორტი იყო. ყველაზე დიდი ღირებულებით შოკოლადი სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანში და უზბეკეთში გადის.