2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 205 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 23%-იანი ზრდაა.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, 2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წლის მგზავრთნაკადის აღდგენა შეძლო.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს 2023 წელს მისი სერვისებით 621 610 მგზავრმა ისარგებლა. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წელთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადი თითქმის დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 303 620 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 37%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, 16%-იანი ზრდაა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის დეკემბერში 28 556 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით მეტი.