Galt & Taggart-მა 2024 წლის მოლოდინები, ყველა მაკრო პარამეტრის ანალიზი და საქართველოს 12 ძირითადი სექტორის დეტალური მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლებში, მათ შორის 2023 წელს ყველაზე დიდ ზრდას განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორები აჩვენებს. Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი კახა სამყურაშვილი BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში სექტორების ზრდის მიზეზებზე და განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს.
"2023 წელს იყო სექტორები, სადაც რეალობა იყო მოლოდინებზე ცუდი და პირიქითაც. იყო სექტორები, რომლებზეც მოლოდინი არსებობდა, რომ 2022 წლის ბუმის შემდეგ ზრდას შეანელებდა, მაგრამ ტემპი გაგრძელდა. ასევე, იყო სექტორები, სადაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, ეს არის განათლება და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ასევე ტრანსპორტი და ლოგისტიკა. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ 2024 კიდევ მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. გამოვყოფ განსაკუთრებით განათლების სექტორს. ბოლო 2 წელიწადში განსაკუთრებით ამ კუთხით შეიცვალა ყველაზე მეტი. ეს პირველ რიგში ეხება უცხოელი სტუდენტების გაზრდილ დაინტერესებას. მოგეხსენებათ ეს ინდუსტრია ძალიან სწრაფად, საშუალოდ წელიწადში 30%-ით იზრდებოდა ბოლო წლებში, თუმცა 2022 წლიდან საქართველოში დაინტერესება კიდევ უფრო მზარდია. ცხადია, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის გვერდითი ეფექტიც. უამრავი სტუდენტი სწავლობდა უკრაინაში და ჩვენ მათთვის ერთგვარად ახალი მიმართულება ვართ.
ვფიქრობ, განათლების სექტორში ახლა მომენტუმია, როცა ქვეყნის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია და ეს შესაძლებლობაა, როცა ინტერესი და მოთხოვნა ასეთი დიდია მოჰყვება ხოლმე ინვესტიციები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება.
იგივე შეიძლება ითქვას საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. გვერდითი ეფექტი იყო სხვადასხვა მოვლენების. იგივე რელოკაცია მიგრანტებისა და კომპანიების რომლებიც რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში მოღვაწეობდნენ. ცხადია, არსებობს რისკი, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოხდება გადინება, თუმცა ეს ცოდნის სემქნა, რაც ქვეყანაში ხდება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და 2024 ამ ახალი, სერვის ინდუსტრიების განვითარების კუთხით აჩვენებს მეტ დიაპაზონს", - განმარტა კახა სამყურაშვილმა ,,საქმიანი დილის" ეთერში.
საქართველოში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) ბოლო 5 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებს შორის ყველაზე დიდი ზრდაა.
გალტ&თაგარტის კვლევის მიხედვით, საქართველოს IT სექტორმა გააგრძელა შთამბეჭდავი ზრდა 2023 წელს სექტორის შემოსავლების უმეტესი ნაწილი გენერირდება მომსახურების ექსპორტით, გავლენას ახდენს ორი ძირითადი ფაქტორი: 1. საშემოსავლო გადასახადის შემცირება საერთაშორისო კომპანიებისთვის 2020 წლის ოქტომბრიდან ( საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20%-დან 5% და კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი 15%-დან 5%-მდე). 2. ზემოთ ნახსენები IT კომპანიების საქართველოში გადმოსვლაა.