წლის პირველ 6 თვეში ევროკავშირში წიაღისეული საწვავით გენერირებულმა ენერგიამ EU-ს სრული მოცულობის 33% შეადგინა, რაც რეკორდული მინიმუმია - ამის შესახებ Euronews-ი კლიმატის ორგანიზაცია Ember-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
უცხოური მედიის ცნობით, წლის პირველ ნახევარში EU-ს წევრმა 27-მა ქვეყანამ ელექტროენერგიისათვის იმაზე 17%-ით ნაკლები წიაღისეული საწვავი დაწვა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
Ember-ზე დაყრდნობით, წიაღისეული საწვავით გენერირებული ენერგიის მოცულობა ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნით აიხსნება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა მოთხოვნის შესამცირებლად არაერთი ზომა მიიღო მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის ფასები გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში ენერგიაზე 5%-ით მოთხოვნა თბილი ზამთრის გამოც შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მასშტაბით ენერგოეფექტურობა გაიზარდა, რამაც წიაღისეული საწვავის მოხმარება შეამცირა, Ember-ის ცნობით, ამ ტენდენციას მდგრადობასთან კავშირი არ აქვს და არც სასურველია.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, EU-ში ქარისა და მზის ენერგიის გენერაციაც გაიზარდა, თუმცა განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის გარეშე წიაღისეული საწვავი სრულად ვერ ჩანაცვლდება.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წიაღისეული საწვავის მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდა, Euronews ასეთად იმ 5 ქვეყანას ასახელებს, სადაც განუახლებადი ენერგიის გენერაცია 30%-ით შემცირდა. ესენია: პორტუგალია, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი და ფინეთი.