მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წლის შემდეგ პირველად, სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება გადასცა

ზელენსკი

სლოვაკეთმა უკრაინას არალეტალური სამხედრო დახმარება გადასცა. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, დენის შმიგალი და რობერტ კალინაკი ერთმანეთს კიევში შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რობერტ ფიცოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ანუ 2023 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სლოვაკეთმა უკრაინას რამე სახის სამხედრო დახმარება გადასცა.

“ევროპეისკაია პრავდა”-ს ინფორმაციით, დახმარების პაკეტი ნაღმსაწინააღმდეგო დისტანციურ სისტემებს, სამედიცინო ევაკუაციისთვის განკუთვნილ ავტომობილებს, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებს და საინჟინრო მოწყობილობებს მოიცავს. არალეტალური სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დანარჩენი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია და როგორც სამხედრო გამანადგურებლები, ისე საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა, თუმცა რობერტ ფიცოს გაპრემიერების შემდეგ ქვეყანამ უკრაინის მიმართ საგარეო პოლიტიკა შეცვალა და აქცენტი ეროვნულ ინტერესებზე გადაიტანა. ზელენსკისა და ფიცოს შორის უთანხმოების მიზეზი ბოლო პერიოდში უკრაინის მიერ რუსული მილსადენების დაბომბვა გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ორ ლიდერს შორის გამართულმა შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და ორ მხარეს შორის პოზიციები დაახლოვდა. კიევში გამართულ DFNC3-ის თავდაცვის ფორუმზე კი ურთიერთობების დათბობა თავდაცვის მინისტრების შეხვედრით და დახმარების მე-14 პაკეტის გამოცხადებით დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები