გასული 2023 წელი გლობალური ბირჟებისა და კომპანიებისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია მაინც არ მოერიდა გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას და სხვა კომპანიის შესყიდვას.
1. Microsoft x Activision-Blizzard | $69 მლრდ
რეიტინგის სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ია, რომელმაც ვიდეო თამაშების მწარმოებელი სტუდია Activision-Blizzard-ი რეკორდულ 69 მილიარდ დოლარად შეიძინა.
მართალია, გარიგება თვეების განმავლობაში მარეგულირებლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, თუმცა წელს გარიგება წარმატებით დასრულდა და ამ ტრანზაქციის წყალობით Microsoft-მა ვიდეო თამაშების გლობალურ ინდუსტრიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, Microsoft-მა წვდომა მიიღო Activision-Blizzard-ის პორტფელთან, რომელიც ისეთ პოპულარულ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.
Acivision-ის შესყიდვა Microsoft-ს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ გარიგების შედეგად, ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან მიღებული წლიური შემოსავალი 24 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ის წლიდან წლამდე მდგრადად გაიზრდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-მა სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა და ამ გარიგების პოზიტიურ შედეგებს მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მკაფიოდ დავინახავთ.
2. Broadcom x VMWare | $61 მლრდ
2023 წლის რიგით მეორე უმსხვილესი გარიგებაც ტექნოლოგიური ინდუსტრიას უკავშირდება, კერძოდ, ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა კომპანია VMWare-ის 61 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
VMWare-ი კომპიუტერული პროგრამებისა და Cloud-სერვისების უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, Broadcom-ი კი ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტი, რომელიც კონკურენციას Cisco-სა და Qualcomm-ს უწევს.
გარიგების შედეგად, კომპანია Broadcom-ი VMware-ის ექსკლუზიურ სერვისებთან და რესურსებთან მიიღებს წვდომას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Broadcom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 465 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
3. Exxon Mobil x Pioneer Resources | $60 მლრდ
რიგით მესამე უმსხვილესი გარიგება ენერგეტიკულ სექტორს უკავშირდება. ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Exxon Mobil-მა 60 მილიარდ დოლარად Pioneer Natural Resources იყიდა. მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია Exxon-ს 1998 წლის შემდეგ არ განუხორციელებია, რაც ამ გარიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ამ გარიგების შედეგად Exxon-ი პორტფელის გაფართოებას, ახალი საწარმოების მიღებას და ბუნებრივი რეზერვების მოცულობის გაზრდას შეძლებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად ცდილობენ პორტფელის დივერსიფიცირებას და Exxon-ის ეს ნაბიჯიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
რაც შეეხება უშუალოდ ტრანზაქციას, 60 მილიარდ დოლარს, ცხადია, Exxon-ის ხელმძღვანელობა ნაღდი ფულის სახით არ გადაიხდის. ეს იქნება ე.წ. აქციების გაცვლა, ანუ Exxon-ი ბირჟაზე საკუთარ აქციებს გაყიდის და მიღებული თანხით Pioneer-ს გამოისყიდის. ამ სახის ოპერაციის ჩატარების ფუფუნება Exxon-ს ნამდვილად აქვს, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 403 მილიარდ დოლარს აღწევს, შესაბამისად, $60-მილიარდიანი ინვესტიცია Exxon-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
4. Chevron x Hess Corporation | $53 მლრდ
2023 წელს ამერიკულმა Chevron-მა კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.
რაც შეეხება Chevron-ს, ეს ენერგეტიკული გიგანტი 283 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს.
5. Pfizer x Seagen | $43 მლრდ
ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა, Pfizer-მა კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიის, Seagen-ის 43 მილიარდ დოლარად შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.
ექსპერტების შეფასებით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში Seagen-ის პრეპარატებს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვთ, კომპანიის ასეთი ძვირად ღირებული შეფასებაც სწორედ ამ ფაქტითა არის განპირობებული.
თუკი Seagen-ის პრეპარატი მარეგულირებლისგან დასტურს მიიღებს, მაშინ მისი ახალი მფლობელი კომპანია წამლების გაყიდვით კოლოსალურ შემოსავლებს მიიღებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.